Facebook Twitter

¹ას-190-525-07 16 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ნ...” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ მ.კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ნ...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. ..” მიმართ დავალიანების _ 46351,16 ლარის გადახდევინების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ნ...ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს “ნ...ს” დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის _ 1854 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. საზოგადოების დირექტორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. მითითებული განჩინების ასლი გაეგზავნა როგორც შპს “ნ...ს”, ისე მის წარმომადგენელ კ. შ-ს. მხარისათვის გაგზავნილი განჩინება კონვერტით დაუბრუნდა სასამართლოს ადრესატის მოუძიებლობის გამო, ხოლო წარმომადგენელ კ.შ-ს სასამართლოს ხარვეზის განჩინება 2006 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა. 2007 წლის 4 იანვარს შპს “ნ...ს” დირექტორმა მ.კ-მ კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის გამოსწორების ვადის 2007 წლის 20 იანვრამდე გაგრძელების შესახებ იმ საფუძვლით, რომ საზოგადოებამ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ნაწილი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა დროებით გარკვეული სირთულეების გამო, ვერ მოხერხდა. მხარეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ წარმოუდგენია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს “ნ...ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის განჩინება 2006 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში _ 2007 წლის 3 იანვრამდე მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. პალატამ არ გაიზიარა შპს “ნ...ს” დორექტორის 2007 წლის 4 იანვრის შუამდგომლობა, ვინაიდან იგი შეტანილ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ და, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ნ...ს” დირექტორმა მ.კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად, ვინაიდან ხარვეზის განჩინება ჩაბარდა არა აპელანტს, არამედ არაუფლებამოსილ პირ კ. შ-ს, რომელმაც აღნიშნული განჩინების ასლი მ.კ-ს დაგვიანებით ჩააბარა და ამით საშუალება მოუსპო, დრულად გამოესწორებინა ხარვეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2007 წლის 3 იანვარს მ.კ-მ განცხადებით მიმართა პალატას ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო მითითებული განცხადება სასამართლოში დაფიქსირდა 4 იანვრის თარიღით. კერძო საჩივარს დაერთო 1854 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ნ...ს” დირექტორ მ.კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს “ნ...ს” სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. საზოგადოების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ვადა სააპელაციო პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით გაგრძელდა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა როგორც შპს “ნ...ს” დირექტორს, ისე მის წარმომადგენელ კ. შ-ს.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ კ.შ-ს სასამართლოს ხარვეზის განჩინება 2006 წლის 20 დეკემბერს ჩაბარდა, ხოლო მხარისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი კონვერტით დაბრუნდა ადრესატის მოუძიებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ კ. შ-ს, რის გამოც სასამართლო გზავნილი თავად მხარისათვისაც ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ კ. შ-ე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია შპს “ნ...ს” დირექტორ მ. კ-ის მიერ კ. შ-ის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება, რომლის გაუქმების შესახებ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია. ასევე აღსანიშნავია, რომ მ.კ-ე კერძო საჩივარში ხარვეზის განჩინების ჩაბარების ფაქტს ადასტურებს, თუმცა უთითებს, რომ წარმომადგენელმა იგი მას დაგვიანებით გადასცა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადის არაერთხელ დადგენის მიუხედავად, მხარეს იგი არ გამოუსწორებია, რის გამოც შპს “ნ...ს” სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას შპს “ნ...ს” დირექტორ მ. კ-ის 2007 წლის 4 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც აპელანტმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელება და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა ჰქონდა 2007 წლის 3 იანვრის ჩათვლით, ხოლო ზემოხსენებული განცხადება სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა ამავე წლის 4 იანვარს, მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ მ.კ-მ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება ვადაში _ 2007 წლის 3 იანვარს შეიტანა, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ნ...ს” დირექტორ მ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს “ნ...ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1854 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ნ...ს” დირექტორ მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

შპს “ნ...ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 1854 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.