საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №200აპ-17 ქ. თბილისი
მ-ი ბ-ა, 200აპ-17 4 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ბ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 ლარი, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. მ.ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 მარტიდან.
განაჩენით ბ. მ-ს მსჯავრი დაედო: ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, დაახლოებით 18:30-დან 19:00 საათამდე პერიოდში, ა-ს რაიონის სოფელ მ-ი ბ. მ-ა თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა 2013 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული ნ. უ-ი. ბ. მ-ა ჩაიხადა შარვალი, სასქესო ორგანო სახესთან მიუახლოვა ნ. უ-ს და სთხოვა, ეკოცნა მის სასქესო ორგანოზე, რითაც ჩაიდინა გარყვნილი ქმედება.
მანვე 2016 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, დაახლოებით 18:30-დან 19:00 საათამდე პერიოდში, ა-ს რაიონის სოფელ მ-ი არსებულ საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ე. ჯ-ს მუცლის არეში დაარტა ფეხი, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბ. მ-ი 2016 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, დაახლოებით 18:30-დან 19:00 საათამდე პერიოდში, ა-ს რაიონის სოფელ მ-ი არსებულ საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში ე. ჯ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდეგაც ე. ჯ-ი თავის გადარჩენის მიზნით გაიქცა მეზობლის - კ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში და მას სთხოვა დახმარება.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. მ-ა, რომელმაც დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და ითხოვა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ის ეწინააღმდეგება 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ე. ჯ-ა პირდაპირ მიუთითა მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და უჩვენა, რომ ის ცხოვრობს სოფელ მ-ი მეუღლესა და ბავშვთან ერთად. 2016 წლის 10 მარტს, საღამოს, ყავის დასალევად მივიდა თავის რძალთან, ნ. ღ-ნ. ისინი ცხოვრობენ ერთ კორპუსში. ამ დროს მათთან შევიდა ბ. მ-ი და სთხოვა მისთვის ყავა მოედუღებინა. ყავა რომ მოუდუღა და მიუტანა, ბ. მ-ა უთხრა მაკოცნინეო, რაზეც უარით უპასუხა, ყავა დაუდგა და გამოვიდა. მას ბ. მ-ც გაჰყვა, სადარბაზოში წელზე ხელი შემოხვია და კიდევ უთხრა მაკოცნინეო, მან კი უპასუხა, რომ ქმარი ჰყავდა. ამის შემდეგ ის ბავშვთან ერთად ეზოში იყო და ბ-ც იქვე, სკამზე დაჯდა და ისევ ჰკითხა: ,,თუ რატომ არ უნდოდა ეკოცნა, თუკი მის რძალს ვ. ო-ს კოცნიდა“. მან კი უპასუხა, რომ რატომ უნდა ეკოცნა, როცა ოჯახი ჰქონდა და ქმარი ჰყავდა. ამის შემდეგ ავიდა სახლში, ჭურჭლის ჩამოსატანად და ეზოში გასარეცხად, რადგან სახლში წყალი არ მოდიოდა. ამ დროს მისი შვილი ნ-ი ეზოში იყო ბ. მ-ნ ერთად. ეზოში რომ ჩამოვიდა, ბავშვი არ დახვდა, ფანჯრიდან იყურებოდა მისი რძალი ნ-ი, რომელმაც უთხრა, რომ ბ-მ წაიყვანა ოთახშიო. მას შეეშინდა, რადგან იცოდა, რომ ბ. მ-ს ბავშვი ჰყავდა გაუპატიურებული, ასევე მცდელობა ჰქონდა მასწავლებელთან. ის შევიდა ბ. მ-ს სადარბაზოში, კართან მივიდა და გაიგონა, ბავშვს როგორ გაუმეორა სამჯერ ქალის სასქესო ორგანოზე, გააქვსო? კარი შეაღო, იმ ოთახში არ იყვნენ და როდესაც შევიდა მეორე ოთახში, დაინახა, რომ ბ-ს ბავშვი კედელთან ჰყავდა მიყენებული, შარვალი ჰქონდა ჩახდილი, ტრუსიც, ბავშვის თავზე ხელი ჰქონდა დადებული და თავის სასქესო ორგანოზე ეუბნებოდა, მაკოცე, არ მიკბინოო. როდესაც ბ-მ ის ოთახში შესული დაინახა, შარვლის შეკვრას შეეცადა, შეტრიალდა მაგიდისკენ და ბავშვს უთხრა ,,პავიდლოს“ გაჭმევო, მაგრამ მაგიდაზე ,,პავიდლო“ არ იყო. მან ბავშვი აიყვანა და უთხრა: ორი წლის ბავშვს ამას როგორ უკეთებდა და გამოიქცა. ბ-ი გამოჰყვა უკან, ემუქრებოდა, არავისთვის არაფერი ეთქვა, ხოლო თუ იტყოდა, მოკლავდა. შემდეგ სცემა, წყალთან მუცელში წიხლი ამოარტყა, რა დროსაც იგრძნო საშინელი ტკივილი. შემდეგ წყლით სავსე ვედრო დაცალა და ეს ვედრო ესროლა. რომ არ მოხვდა, გამოეკიდა და უყვიროდა ,,ისე ციხეში არ წავიდოდა, სანამ არ მოკლავდა, ყელი უნდა გამოგჭრაო, ეუბნებოდა, რომ მისთვის ციხე არაფერი არ იყო, გამოვიდოდა, გააუპატიურებდა და ხალხის თვალწინ მოკლავდა“. შემდეგ გაიქცა მეზობლის - კ. ხ-ს სახლში, სადაც ბ-ც შეჰყვა მუქარით და ლანძღვა-გინებით. კ-მ ხელი მოკიდა ბ-ს, გარეთ გაიყვანა და კარი ჩაკეტა. ამის შემდეგ მან დაინახა, რომ თავისი რძალი ნ-ი და მული ვ-ა ო-ი მოდიოდნენ, ბავშვს ხელი მოკიდა და ტირილით გაიყვანა, უთხრა, რაც მოხდა. მან ასევე დარეკა საპატრულო პოლიციაში და პატრულს უთხრა, რომ მეზობელმა სცემა, პოლიციას ვერ მოუყვა ტელეფონით თავისი შვილის შესახებ, სახელის გატეხვის ეშინოდა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ყველაფერი მაშინ მოუყვა. იმის გამო, რომ მ-ა მუცელში წიხლი ამოარტყა, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ - დაკითხვაზე. მეორე დღეს, 11 მარტს, დილის 5 საათზე, ქმარი სამუშაოზე გააცილა, ხოლო 6 საათზე მასთან მივიდა ბ. მ-ი, კარზე უბრახუნებდა, ემუქრებოდა და ლანძღვა-გინებით უყვიროდა ,,მოგკლავ, თუ საჩივარს არ გამოიტანო“. მან კი უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა, პოლიციას გამოიძახებდა, ბ-მ ეს რომ გაიგო, გაქრა. მას შემდეგ აღარ უნახავს.
დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება მოწმეების - ნ. ღ-ს, კ. ხ-ა და ვ. ო-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, რითაც მათ დაადასტურეს ე. ჯ-ს ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ. ღ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ა-ს რაიონის სოფელ მ-ი მეუღლესთან - ე. ჯ-ნ ერთად. 2016 წლის 10 მარტს სოფლის ნახირში იყო. სახლში დაბრუნდა საღამოს 8 საათისთვის. ე. სახლში არ დახვდა, გასული იყო მეზობელთან - კ. ხ-ნ. საქონელი რომ გაატარა, ე. იქ დახვდა, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ,,ტ-ა ბავშვი ეზოდან მაღლა აიყვანა თავის ბინაში, შარვალი და ტრუსი ჩაწეული ჰქონდა, სასქესო ორგანო ჰქონდა ამოღებული და ბავშვს - ნ-ს ეუბნებოდა მომეფერეო, ე-მ ბავშვი ჩაიყვანა დაბლა, რა დროსაც ტ-ი გამოეკიდა და წიხლი ამოარტყა“. ეს შემთხვევა ე-ს გარდა თავისმა დამ, რძალმა და დედამაც მოუყვნენ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ე-ა ჯ-ი მხედველობას არ უჩივის.
მოწმე ს. ო-ს ჩვენებით, 2016 წლის 10 მარტს იმყოფებოდა მეზობლის ,,ორმოცზე“, იქიდან რომ წამოვიდა, საერთო ბინიდან გაიგონა ხმაური, ადგილზე რომ მივიდა, მისი რძალი ე. ჯ-ი ონკანთან ჭურჭელს რეცხავდა. ბ. მ-ი კი იგინებოდა ე-ს მისამართით და ამბობდა, რომ უნდა მოეკლა. მან ბ-ს ჰკითხა, თუ რატომ იგინებოდა, მან კი უპასუხა, რომ ე-მ ცილი დასწამა. ხოლო ე-მ კი მომხდარის შესახებ უამბო. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ე-ს მხედველობის პრობლემა არ ჰქონდა. მას კარგი ურთიერთობა აქვს ბ. მ-ნ.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ. ი-ს ჩვენების მიხედვით, მას, როგორც ფსიქოლოგს, მონაწილეობა აქვს მიღებული მცირეწლოვანი ნ. უ-ს დაკითხვაში. ნ-ს კარგად არ შეეძლო აზრების გადმოცემა ასაკიდან გამომდინარე და იძახდა მხოლოდ ორსიტყვიან წინადადებას. მან იცოდა თავისი სახელი და გვარი, ახსოვდა მის დედას როგორ გაარტყა ვიღაც ბიძიამ, ბავშვი იცნობდა ბ. მ-ს და სასქესო ორგანოსთან დაკავშირებით ბუნდოვანი პასუხი გასცა. ბავშვმა იცოდა, სად ჰქონდა თავისი სასქესო ორგანო.
2016 წლის 11 მარტის ტრუსის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ. მ-ა გამოკითხვის შემდეგ წარმოადგინა ტრუსი, ,,რომელიც არის შავი ფერის, მარცხენა ტოტზე აქვს ცისფერი წარწერა ,,P-A“ და გამოხატულია ცხოველი. ტრუსს შემოვლებული აქვს ლურჯი ფერის ე.წ. რეზინი, რომელზეც გასდევს წყვეტილად ორი თეთრი ფერის ზოლი. ზოლებს შუა ამოტვიფრულია ცხოველის ფიგურა და ფიგურის დაბლა არის წარწერა ,,P-A“, თეთრი ფერის ასოებით“.
2016 წლის 24 მარტის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის მიხედვით, ე. ჯ-ა წარდგენილი სამი ტრუსიდან ამოიცნო მარჯვენა მხრიდან რიგით მეორე ტრუსი ფერით, მის რეზინზე არსებული წარწერით ,,P-A” და მასზე არსებული ცხოველის გამოსახულებით. აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა გამოძიებელმა ი. ბ-ა.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. მ-ა.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებული ბ. მ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ხოლო 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვებას. კასატორის მოსაზრებით, მას არ ჩაუდენია სსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები; აღნიშნულ ბრალდებებთან მიმართებით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №590აპ-09; 77აპ-17; 90აპ-17) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ბ. მ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი