ას-191-518-09 22 აპრილი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ო. ბ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-შვილი, ი. ნ-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-შვილისა და ი. ნ-ძის მიმართ 1030 ლარის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა უკანონოდ მიითვისეს მოსარჩელის კუთვნილი პენსია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ო.ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით ო. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ო.ბ-შვილმა ჩაიბარა 2008 წლის 6 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრით კი სასამართლოს მიმართა ამავე წლის 23 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამდენად, ამავე კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლების თანახმად, იგი უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ო. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ო.ბ-შვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა. ფაქტობრივად 2008 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით აპელანტი სტაციონარში მკურნალობდა და სადავო სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხოლოდ 2008 წლის 15 დეკემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა ამავე წლის 30 დეკემბრამდე. კურიერმა ე.გ-მა გააყალბა აპელანტისა და მისი მეუღლის ხელმოწერა და წარადგინა დოკუმენტი, თითქოს მას სასამართლო გზავნილი 6 დეკემბერს გადაეცა, თუმცა სასამართლოს აღნიშული დოკუმენტი არ უნდა გაეზიარებინა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ მოახერხა იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობასთან ერთად სამედიცინო ცნობის გაყალბება, სადაც ო.ბ-შვილი სადავო პერიოდში რეალურად მკურნალობდა.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით.
შპს «ს.» გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, სასამართლო გზავნილი ო. ბ-შვილს პირადად ჩაბარდა 2008 წლის 6 დეკემბერს.
2008 წლის 23 დეკემბერს ო.ბ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
ო.ბ-შვილის მიერ წარმოდგენილი ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის უფროსის _ გ.მ-ძისა და მკურნალი ექიმის მიერ ხელმოწერილი 2009 წლის 18 თებერვლის ცნობის მიხედვით, ო. ბ-შვილი ჰოსპიტალში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2008 წლის 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2009 წლის 21 აპრილს ო. ბ-შვილმა ¹ა-816-09 განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელსაც დაურთო მასალები 6 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია შეტყობინების ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ო. ბ-შვილს პირადად ჩაბარდა 2008 წლის 6 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 23 დეკემბერს.
კერძო საჩივრის ავტორმა უარყო რა მისთვის სასამართლო გზავნილის 2008 წლის 6 დეკემბერს ჩაბარების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის უფროსის _ გ.მ-ძისა და მკურნალი ექიმის მიერ ხელმოწერილი 2009 წლის 18 თებერვლის ცნობა, რომ ო. ბ-შვილი ჰოსპიტალში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2008 წლის 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ შეტყობინების ბარათზე სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების თარიღი _ 2008 წლის 6 დეკემბერი გადახაზული და გადასწორებულია, რაც ასევე ეჭვს იწვევს შეტყობინების ბარათის კანონით დადგენილი წესით შედგენაში.
ამდენად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ო.ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სათანადოდ უნდა შეაფასოს ზემოხსენებული მტკიცებულება, იმსჯელოს, საქმეში არსებული შპს «სკს-ს» შეტყობინების ბარათის მონაცემთა სარწმუნოობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ აითვალოს მითითებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
ო. ბ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-816-09 განცხადებაზე დართული მასალა 6 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.