ას-192-519-09 30 აპრილი 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ფ. მ-ოვა
წარმომადგენელი – ზ. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეეები – მ. მ-შვილი, ს. მ-ოვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე ფ. მ-ოვამ სარჩელით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მამკვიდრებელ შ. მ-ოვის დანაშთ ქონებაზე, მდებარე ქ.გარდაბანში, ... ქ.¹27(48) საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ფართით 1200 მ2 მესაკუთრედ ცნობა, ასევე გარდაბნის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მ. მ-შვილის მიერ 2003 წლის 27 ოქტომბერს ზემოაღნიშნულ ქონებაზე მ. მ-ოვის სახელზე გაცემული ¹2-24 სამკვიდრო მოწმობის და მისი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფ. მ-ოვას უარი ეთქვა სარჩელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. მ-ოვამ. მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით, ფ. მ-ოვას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშველობლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტიების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტიების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილეის ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ ფ. მ-ოვას ჩაბარდა 2009 წლის 14 იანვარს. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 15 იანვრიდან, აღნიშნული 14 დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენდა 2009 წლის 28 იანვარი, ანუ სააპელაციო საჩივრს შეტანის უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2009 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სააპელაციო საჩივარი კი ფ. მ-ოვას მიერ შეტანილ იქნა 2009 წლის 30 იანვარს კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. მ-ოვამ.
მ-ოვას წარმომადგენლის განმარტებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული 2008 წლის 19 სექტემბრის ¹2/141-08 გადაწყვეტილება აპელანტმა მიიღო 2009წლის 16 იანვარს. ეს დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დართული გარდაბნის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული 2008 წლის 19 სექტემბრის ¹2/141-08 გადაწყვეტილებით, რომელიც დამოწმებულია სასამართლოს ბეჭდითა და გაცემის თარიღით 2009 წლის 16 იანვარს. ანუ შეუძლებელია აპელანტს მიეღო გადაწყვეტილება უფრო ადრე. მას სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელში ვერ ჩაუვარდებოდა თუ მას სასამართლო არ გადასცემდა. რაღაც მაქინაციებით, უფრო ადრე რომც მიეღო, ის არ იქნებოდა სათანადო წესით დამოწმებული, რომ მივიჩნიოთ კანონით დადგენილი წესით გაფორმებულად და ჩაბარებულად. გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ თავისივე ბეჭდის დასმითა და გაცემის თარიღის დაფიქსირებით დაადასტურა გადაწყვეტილების გაცემის ფაქტი და თარიღი. აქედან გამომდინარე გასაჩივრების ვადა აითვლება 2009 წლის 16 იაენვრიდან, როგორც ეს თავად გადაწყვეტილებაზეა დაფიქსირებული და არა 14 იანვრიდან. წარმომადგენლის განმარტებით, ის რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი დამოწმებული და გაცემული იქნა 2009 წლის 16 იანვარს, ასევე დასტუდება თავად ამ გადაწყვეტილების ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნული საქმის მასალის ფურცლების ნომრით – 123/124, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გადაწყვეტილება ამოღებული იქნა საქმის მასალებიდან, სათანადო წესით დამოწმდა და გაცემული იქნა 2009 წლის 16 იანვარს.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დასაბუთებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი თოთხმეტდღიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ფ. მ-ოვას გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 16 იანვარს (ს.ფ. 128 ტ.II). სამეში არსებულ ფ. მ-ოვას განცხადებიდან ირკვევა, რომ ფ. მ-ოვამ განცხადება გადაწყვეტილების ასლის გადაცემის შესახებ სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 14 იანვარს და ასევე განცხადებაში ნათლად წერია, რომ განმცხადებელმა გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2009 წლის 16 იანვარს. ასევე ფ. მ-ოვას მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილების ასლზე გარდაბნის რაიონული სასამართლოს კანცელარიის მიერ მითითებულია გაცემის თარიღი 2009 წლის 16 იანვარი. .(ტ.1 ს.ფ.179, ტ.2 ს.ფ.15) შესაბამისად გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 17 იანვარს და ამოიწურა 31 იანვარს, კანონით გათვალისწინებული თოთხმეტდღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ფ. მ-ოვის მიერ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 30 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაცვით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციოს სასამართლომ ვადის გაშვების გამო არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ შემთხვევაში აპელანტის მიერ საპროცესო ვადა არ ყოფილა გაშვებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. მ-ოვას წარმომადგენლის ზ. ქ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.