Facebook Twitter

ბს-1036-620(კ-05) 30 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საქართველოს შს მინისტრის 08.04.02წ. ¹200 ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მიოთხოვა შს მინისტრის 08.04.02წ. ¹200 ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შს მინისტრის 08.04.02წ. ¹200 ბრძანების საფუძველზე ოფიცრის წოდების დისკრედიტაციისათვის იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლის მიხედვით. ბრძანებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისში, ........ ¹17-ში მდებარე ნარკოლოგიურ დისპანსერში მომხდარი შემთხვევა. დისპანსერში სიმთვრალეზე შესამოწმებლად მოყვანილი ჰყავდათ მისი მეგობარი ჯ. ს-ი, რომლის შემმომწმებლებს მოსარჩელემ თხოვა ჯ. ს-ის ობიექტური შემოწმება, რის შემდეგაც ეზოში გამოსვლისას მას მივარდა ძაღლი, რომლისგანაც თავის დაღწევის მიზნით, ტარების უფლებით ნაქონი კუთვნილი იარაღიდან, მოახდინა ერთჯერადი გასროლა ჰაერში, რის შემდეგაც ძაღლი შეშინდა და გაიქცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის მიერ მოკვლეულ იქნა მასალები და გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.01.03წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ.

აღნიშნული საქმე არაერთხელ განიხილა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.04.05წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენლის თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.01.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ბრძანების სრული ტექსტი სამსახურის ადმინისტრაციის მიერ არ ჩაბარებია, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი და უღირსი საქციელისათვის და ოფიცრის წოდების დისკრიდიტაციისათვის. დიდუბე-ჩუღერეთის რაიონის პროკურატურის 28.03.02წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე, მ. მ-ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის დადგენა თავის თავად არ გამორიცხავს მის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის არსებობას.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნარკოლოგიური დისპანსერის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია ქმნის დისციპლინური გადაცდომის შემადგენლობას, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელემ ნარკოლოგიური დისპანსერის ექიმებსა და პოლიციელებს ხელი შეუშალა განეხორციელებინათ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობები, რის გამოც შეუძლებელი გახდა მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმება. მ. მ-მა ნარკოლოგიურ დისპანსერში მომუშავე პერსონალთან შელაპარაკების შემდეგ გავიდა ეზოში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რა დროსაც ჯ. ს-მა მოახერხა გაქცევა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული «შს ორგანოების დისციპლინური წესდების» პირველი თავის მეორე პუნქტით და «პოლიციის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის, «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-60 მუხლის «კ» ქვეპუნქტის და 69-ე მუხლის, «შს ორგანოების დისციპლინური წესდების» მე-13 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის შესაბამისად ქმნის პოლიციელის შს ორგანოებიდან განთავისუფლების საფუძველს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.04.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ის წარმომადგენელმა თ. რ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ შეცვალა შს მინისტრის 08.04.02წ. ¹200 ბრძანების საფუძველი, მტკიცებულებათა შინაარსი აშკარად შეუსაბამოა სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნასთან, რადგან მტკიცებულების მიხედვით მ. მ-ი მოითხოვდა ექიმებისაგან კანონიერ მოქმედებას. პოლიციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია, რადგან ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მათი ყოფნა და რაიმე მოვალეობის შესრულება კანონით განსაზღვრული არ არის, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა «პოლიციის შესახებ» კანონის შესაბამისად. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებისა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მაშინ, როდესაც ამის სრული საფუძველი არსებობდა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, სარჩელის დაკმაყოფილებას, შს მინისტრის 08.04.02წ. ¹200 ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებულობისა და უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.04.05წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შს მინისტრის 08.04.02წ. ¹200 ბრძანებით შს ორგანოების დისციპლინური წესდების 1-ლი თავის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უხეში დარღვევისათვის, პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი და უღირსი საქციელის ჩადენისათვის და ოფიცერთა წოდების დისკრედიტაციისათვის შს სამინისტროს ........... მთავარი სამმართველოს ........, პოლიციის ლეიტენანტი მ. მ-ი დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან. ბრძანებაში აღინიშნა, რომ 13.03.02წ. პოლიციის თანამშრომლების მიერ თბილისის ნარკოლოგიურ ცენტრში შესამოწმებლად წარდგენილ იქნა მძღოლი _ ჯ. შ-ი, რომლის შემოწმების დაწყების მომენტში მოსული მ. მ-ი უხეშად ჩაერია ნარკოლოგიური ცენტრის სამედიცინო პერსონალის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მუშაკების საქმიანობაში, რითაც ხელი შეუშალა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურის 28.03.02წ. დადგენილებით მ. მ-ის ქმედებაში გამოირიცხა მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და არა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ჯ. ს-ი ნარკოლოგიურ ცენტრში წარდგენილ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ, რაც ადასტურებს ინცინდენტის დროს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

ნარკოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი ინცინდენტის დროს მ. მ-მა ჩაიდინა პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან, ნარკოლოგიური ცენტრის ექიმებს და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მუშაკებს ხელი შეუშალა თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში. კერძოდ, მ. მ-ს ნარკოლოგიურ დისპანსერში მომუშავე პერსონალთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, ის მოითხოვდა შესამოწმებლად წარდგენილი ჯ. ს-ის შემოწმების შეწყვეტას, ჯ. ს-ის გაშვებას და მისთვის საბუთების დაბრუნებას. მ. მ-მა ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რა დროსაც ჯ. ს-მა მოახერხა გაპარვა, რის გამოც შეუძლებელი გახდა მძღოლის შემოწმება.

ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება საქმეში დაცული ნარკოლოგიური დისპანსერის სამედიცინო პერსონალისა (ე. გ-ე, მ. დ-ე, ც. ბ-ე, რ. ბ-ი) და პოლიციელების მიერ მიცემული წერილობითი ახსნა-განმარტებებითა და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებით. ამდენად, საფუძველსმოკლებულია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. მ-ი მოითხოვდა ექიმებისაგან კანონიერ მოქმედებას და მტკიცებულებათა შინაარსი შეუსაბამოა სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნასთან. კასატორს არ წარმოუდგენია სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ხოლო საქმეში დაცული მასალებით დასტურდება მ. მ-ის მიერ «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების» მე-2 პუნქტის მოთხოვნათა უხეში დარღვევა, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა. «პოლიციის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის, «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-60 მუხლის «კ» ქვეპუნქტის, 69-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელი პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს წარმოადგენს. სამსახურებრივი დისციპლინისა და სხვა დარღვევებისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა მიმართ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა გათვალისწინებულია აგრეთვე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების» მე-13 მუხლის მე-8 პუნქტით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ ემყარება კანონის დარღვევას, რის გამო სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაკმყაოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.04.05წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამრათლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.