Facebook Twitter

ას-192-527-07 2 აგვისტო, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „.. ..“ დირექტორი მ. მ-ა (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტი

დავის საგანი – საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „.. ..” დირექტორმა მ. მ-მ 2006 წლის 20 იანვარს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სს „ .. ..“ 2005 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით ბიუჯეტისადმი დავალიანება ერიცხება სულ 80104 ლარი. საწარმოს საწესდებო კაპიტალი პრივატიზაციის პროცესში შეადგენდა 20 000 ლარს, თუმცა 1997 წელს გერმანიიდან შემოიტანეს 340.0 ათასი ლარის ღირებულების ხორბლის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზი, მაგრამ აღნიშნული მოწყობილობა აღმოჩნდა უხარისხო და აბსოლუტურად უვარგისი. თუმცა საწარმომ ის ასახა ბალანსზე, რამაც გამოიწვია ქონების გადასახადისა და გადაუხდელობისათვის საურავების ზრდა და საწარმო, პრაქტიკულად გაკოტრდა.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით სს „.. ..“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა და საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად 2006 წლის 17 აპრილის 15 საათიდან; გაკოტრების მმართველად დაინიშნა ზ. გ-ა, მცხოვრები ქ.თბილისი, .... VI კვარტალი, მე-... კორპ. ბინა ¹68, ტ. ... იურისტი; გაკოტრების საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებით აეკრძალა გალაუვალ მოვალეს სს “.. ..” თავისი ქონების მართვა და განკარგვა და ეს უფლებამოსილება გადაეცა გაკოტრების მმართველს. ვალაუვალ მოვალის კრედიტორები ვალდებულები არიან გაკოტრების სასამართლოს (ლანჩხუთი ...) წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნები ვალაუვალი მოვალის მიმართ მოთხოვნის ოდენობის და ვალის საფუძვლის ჩვენებით. 2006 წლის 15 მაისამდე მიეთითა ვალაუვალი მოვალის კრედიტორებს, რომ მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი მოთხოვნები განიხილება როგორც დაგვიანებით განცხადებული მოთხოვნები და მათი გათვალისწინება არ მოხდება მასის განაწილებისას; ყველა ის პირი, რომელსაც საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება აქვს ვალაუვალი მოვალის ქონებაზე, ვალდებულია თავისი მოთხოვნები განაცხადოს გაკოტრების მმართველთან მოთხოვნის წაყენების ვადაში ანუ 2006 წლის 15 მაისამდე; ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ვალაუვალი მოვალის ქონებას მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულებაზე, ეკრძალება ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება ვალაუვალი მოვალის მიმართ და ევალება შესრულება მხოლოდ გაკოტრების მმართველის მიმართ; დადგენილ იქნა კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი პირველი კრების მოწვევა 2006 წლის 25 მაისს 12 საათზე ლანჩხუთში, ... ¹44; სს “.. ..” მიმართ ცალკეული კრედიტორების მიერ დაწყებული და დაუმთავრებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები გამოცხადდა ძალადაკარგულად 2006 წლის 17 აპრილიდან და გადაეცა გაკოტრების სასამართლოს. დადგინდა განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება პრესაში; განჩინების ასლი გაეგზავნა კავშირგაბმულობის შესაბამის განყოფილებას და მიეთითა, რომ ვალაუვალი მოვალის სს “.. ..” ყველა გზავნილი და კორესპონდენცია გაეგზავნოს გაკოტრების მმართველს (ზ. გ-, მცხოვრები თბილისი, ... VI კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა ¹68); განჩინების ასლი გაეგზავნა სამეწარმეო რეესტრს და საჯარო რეესტრის სამსახურს, რათა შეტანილ იქნეს შესაბამისი მონაცემები სამეწარმეო რეესტრში გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ... ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ... ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის განჩინება საქმეზე ¹2-26 და საქმე გაკოტრების საქმის გახსნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად დაუბრუნდა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის I და II პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, ასევე იმავე კანონის მე-9 მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოვალის ქონება მთლიანად შეადგენდა 19 600 ლარს. ამასთანავე, მოვალის მიერ აღიარებული ვალდებულებები, სახელმწიფოსა და სს „... ბანკის“ მიმართ შეადგენდა 136 710 ლარსა და 310 132,33 ევროს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გაკოტრების სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა საკმარისი მოვალის ქონება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. ამ მიზნით კი მას შეეძლო მიემართა იმავე კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ი...ის“ დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, დაუსაბუთებელია. ამ დასკვნაში საერთოდ არ არის ნახსენები საწარმოს ბალანსზე რიცხული 340 000 ლარად შეძენილი ხორბლის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც შესაძლებელია უხარისხო ყოფილიყო, მაგრამ ნარჩენი ღირებულება მაინც ექნებოდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „.. ..“ დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება. მისი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „.. ..“ დირექტორს აცნობეს, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეს განიხილავდნენ 2006 წლის 18 ოქტომბერს, მაგრამ ეს საქმე ერთი მხარის დასწრებით განუხილიათ 2006 წლის 30 ნოემბერს და სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი როგორც მოვალის მიერ გაცხადებული გადახდისუუნარობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს სადავო, თუ მისი განცხადება არ იქნება წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირის მიერ ხელმოწერილი. ვალების გადახდა საზოგადოებამ დიდი ხანია რაც შეწყვიტა, შეიტყო რა მასზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 14.1.3 მუხლის მიხედვით შეუსრულებლობისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, შეადგინა განცხადება გაკოტრების შესახებ და შეიტანა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით გაუგებარია, რა ფაქტობრივ და იურიდიულ საფუძვლებზე დაყრდნობით მიიჩნია ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადახდისუნარიანად საზოგადოება, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში არავითარი პროდუქცია არ შეუქმნია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უმუშავნია.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „გაკოტრებას საქმის წარმოების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს საქმის წარმოების პერიოდში გაკოტრების მასის დაზუსტების შესაძლებლობებსა და საშუალებებს, საბოლოოდ იგი განისაზღვრება საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის. ამიტომ სს „.. ..“ დირექტორი თვლის, ვინაიდან ... ინსპექცია კრედიტორია, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გაკოტრების მასის ფორმირებაში.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღება, ასევე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოტანა, არ წარმოადგენს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, სს „.. ..“ დირექტორის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ... ინსპექციის კერძო საჩივრის განხილვა, რომელიც დანიშნული იყო 2006 წლის 18 ოქტომბერს 14.00 საათზე, გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობა მხარეებს და მათ შორის სს „.. ..“ დირექტორს მ. მ-ს (ს.ფ. 90,103,104); ს.ფ. 105-ზე წარმოდგენილია მოსამართლის თანაშემწის ცნობა იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით გადაიდო 2006 წლის 30 ნოემბერს, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ კანონით დადგენილი წესით. ს.ფ. 106-109-ზე წარმოდგენილი დეპეშებით ირკვევა, რომ მხარეებს სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნათ 2006 წლის 22 ნოემბერს, მაგრამ პირადად მხარეებს და მათ შორის სს „.. ..“ დირექტორს ჩაბარდა თუ არა აღნიშნული შეტყობინება, ეს საქმის მასალებით არ დასტურდება. სააპელაციო პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სხდომაზე სს „.. ..“ დირექტორი არ გამოცხადდა, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სს „.. ..“ დირექტორს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის სხდომის შესახებ არ აცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, დარღვეული იქნა იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩიათვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე ისე განიხილა სს „.. ..“ დირექტორის დაუსწრებლად, რომ მას არ მიუღია შეტყობინება სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით, რის გამოც სააპელაციო პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „.. ..“ დირექტორი მ. მ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.