ას-19-374-07 12 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ .. .. ..“ ფილიალი „თ...“
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა -- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. გ-მა, გ. ც-მა, ვ. ჯ-მ, ლ. ჩ-მ, ს. კ-მა, ზ. ბ-მა, გ. ჩ-მა და ი. გ-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „.. .. ..“ ფილიალის „თ...ს“ მიმართ და მოითხოვეს 1999 წლის 1 აგვისტოდან 2002 წლის მარტამდე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრება.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ს, ს. კ-ის, ზ. ბ-ის, გ. ჩ-ის და ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „.. .. ..” ფილიალის „თ...ს“ დაეკისრა თანხების გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ შემდეგი ოდენობით: 1. ა. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 2307 ლარი და 30 თეთრი და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 416 ლარი და 69 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 2. ვ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 655 ლარი და 25 თეთრი. 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 328 ლარი და 87 თეთრი. 3. გ. ც-ის სასარგებლოდ ერთდროულად 560 ლარი და 86 თეთრი, 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 293 ლარი და 83 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 4. ლ. ჩ-ს სასარგებლოდ ერთდროულად 287 ლარი და 26 თეთრი, 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 229 ლარი და 89 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 5. ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 497 ლარი და 69 თეთრი, 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 250 ლარი და 10 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 6. ზ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 341 ლარი და 13 თეთრი, მდგომარეობის შეცვლამდე. 7. გ. ჩ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1247 ლარი და 54 თეთრი, 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 315 ლარი და 93 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე. 8. ი. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 532 ლარი და 50 თეთრი. 2001 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 254 ლარი და 65 თეთრი.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..“ ფილიალის „თ...მ”
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩოს გადაანგარიშების გამო თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „.. .. ..“ ფილიალს „თ...ს“ დაეკისრათ: ა. გ-ის სასარგებლოდ 1150,44 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 347,87 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე; ლ. ჩ-ს ერთდროულად 213,36 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად 229,89 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე; ვ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 572,61 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 328,87 ლარის გადახდა; გ. ც-ის სასარგებლოდ ერთდროულად 481,44 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 293,83 ლარის გადახდა; ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 426,89 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 250.09 ლარის გადახდა; გ. ჩ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1199,30 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 315,99 ლარის გადახდა; ზ. ბ-ის უფლებამონაცვლის ლ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 605,19 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან 2003 წლის 1 მარტამდე პერიოდის ყოველთვიური 341,13 ლარის გადახდა; ი. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 461,51 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 254,65 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივროს მოსარჩელეებმა და შპს „.. .. ..“ ფილიალის „თ...მ“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ .. .. ..” ფილიალის “თ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ს, ს. კ-ის, ზ. ბ-ის, გ. ჩ-ის და ი. გ-ის საკასაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე შპს “.. .. ..” ფილიალის “თ-ს” მოსარჩელეების ა. გ-ის, გ. ც-ის, ვ. ჯ-ის, ლ. ჩ-ს, ს- კ-ის, ზ. ბ-ის, გ. ჩ-ის, ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ადვოკატისათვის გადახდილი თანხა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ს. კ-მა 2006 წლის ივნისში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება. მან განცხადებაში მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული იმ ნაწილში, რომელიც ეხება 2002 წლის 1 მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად მოპასუხის მიერ მის სასარგებლოდ 250,09 ლარის გადახდას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შპს “ .. .. ..” დეპარტამენტის უფროსის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹248გ და 2005 წლის 15 მარტის ¹81/გ ბრძანებით ორჯერ შეიცვალა მდგომარეობა, მაგრამ აღსრულება ვერ ხერხდება, რადგან აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია როგორც განმცხადებლისთვის, ისე სასამართლოს აღმასრულებლისთვისაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ს. კ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება, თუ სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია, რაც დასტურდება თვითონ ს. კ-ის განმარტებით იმის თაობაზე, რომ იგი ყოველთვიურად ღებულობდა 250 ლარს და უფრო მეტიც, მას გადაუანგარიშეს თანხა და ამჟამად ღებულობს 325 ლარს და ,,.. .. ..” წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - უწყისებით. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ყოველთვიური სარჩო, 250,09 ლარის ოდენობით, დადგინდა, მდგომარეობის შეცვლამდე და მდგომარეობის შეცვლის შემდეგ (მოცემულ შემთხვევაში შპს ,,.. .. ..”-ში ხელფასების გაზრდის შემდეგ) რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს განმცხადებლის ყოველთვიური სარჩო, ზემოთმითითებულ გადაწყვეტილებას არ დაუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ს. კ-მა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვდა, არ არის აღსრულებული იმ ნაწილში, რომელიც ეხება მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 250,09 ლარის გადახდას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მდგომარეობის შეცვლა მოხდა არაერთხელ. მან ასევე მიუთითა, რომ იგი რუსულენოვანია და მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვა თარჯიმნის დანიშვნა, სასამართლო პროცესზე თარგმანი არ განხორციელდა და პროცესის მსვლელობა მისთვის გაუგებარი დარჩა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მდგომარეობის შეცვლა მოხდა არაერთხელ, ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია რომ, მას გადაუანგარიშეს თანხა და ღებულობს 325 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ს. კ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩოს გადაანგარიშების გამო თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „.. .. ..“ ფილიალს „თ...ს“ დაეკისრა სხვა მოსარჩელეებთან ერთად ს. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 426,89 ლარის და 2002 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე 250.09 ლარის გადახდა; ს. კ-მა 2006 წლის ივნისში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება (ს.ფ. 667-668).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება აღსრულებულია, რაც დასტურდება თვითონ ს. კ-ის განმარტებით იმის თაობაზე, რომ იგი ყოველთვიურად ღებულობდა 250 ლარს და შემდეგ მას გადაუანგარიშეს თანხა და ღებულობს 325 ლარს და ,,.. .. ..” წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - უწყისებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. კ-ის განცხადება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან და ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან მოითხოვა თარჯიმნის დანიშვნა, მაგრამ სასამართლო პროცესზე თარგმანი არ განხორციელდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან სხდომის ოქმში. საკასაციო სასამართლოს საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს. კ-ს თარჯიმნის დანიშვნის მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს არ დაუყენებია, შესაბამისად საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ს. კ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.