Facebook Twitter

ას-196-523-09 13 აპრილი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები: 1. თ. მ-ძე (მოსარჩელე)

2. რ. მ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრისა და 13 თებერვლის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-შვილის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 3400 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე არის მოსარჩელის მაზლი, რომელმაც სოფელ ატენში მდებარე თ.მ-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აჩეხა მრავალწლიანი ვაზი, მოხსნა და მიითვისა რკინის მილებისაგან შემდგარი ტალავერი, ჩამოუხსნა ჭიშკარი და მოანგრია ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლის კედელი, რითაც მიაყენა ზიანი. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა შეწყდა ამნისტიის გამო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში დასახლებული გარემოებები უსაფუძვლოა, ხოლო თ.მ-ძემ ვერ დაადასტურა, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა რ.მ-შვილის ქმედებების შედეგად.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და, თავდაპირველ სარჩელში მითითებული თანხის გარდა, დამატებით მოითხოვა ვაზის გაჩეხვით მიუღებელი შემოსავლის _ 3000 ლარის, სულ 6273 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით თ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი 3273 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო მიუღებელი შემოსავლის _ 3000 ლარის მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში უკანონოდ გაზარდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში თ.მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მას ადვოკატი არ ჰყავდა, შესაბამისად, მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ვაზის განადგურების გამო მიუღებელი მოსავლის ღირებულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ჰქონდა. აღნიშნული გარემოების ცოდნის შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი არ დაკარგავდა საკმაოდ სოლიდური თანხის _ 3000 ლარის მიღების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ თ.მ-ძის სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. მ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3273 ლარის ანაზღაურება, რაც გაასაჩივრა რ.მ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით რ.მ-შვილის საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ დაადგინა, რომ 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რ. მ-შვილის მეუღლე მედიკო პატიეშვილს ჩაბარდა 2009 წლის 30 იანვარს, ხოლო საჩივარი მხარემ შეიტანა ამავე წლის 11 თებერვალს, რა დროსაც მან დაარღვია ზემოხსენებული კოდექსის 237-ე მუხლით იმპერატიულად განსაზღვრული საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე რ. მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები, რომელთაც გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა, კერძოდ, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ.მ-შვილის მეუღლეს სასამართლოს გზავნილი 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ჩაბარდა 2009 წლის არა 30 იანვარს, არამედ 3 თებერვალს, ხოლო შპს «სკს-ს» ფოსტის თანამშრომელ ვ.გ-იას ხელმოწერილ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე განსხვავებული ფერის კალმით 3 თებერვალი გადასწორებულია 30 იანვრად, კერძოდ, «3-იანს» მიწერილი აქვს «0», თვის აღრიცხვის ადგილას კი «01» გადასწორებულია «02-ად». ანალოგიური წესით გადასწორებული იყო ამავე თანამშრომლის მიერ შედგენილი შეტყობინება მხარისათვის თ.მ-ძის სააპელაციო საჩივრის ჩაბარების თაობაზე, რაც ეჭვს იწვევს ფოსტის მუშაკთა მიუკერძოებლობაში. რ.მ-შვილმა შპს «სკს-სათვის» მიმართვის შედეგად მიიღო ზეპირი განმარტება, რომ საზოგადოების აღრიცხის ჟურნალში მისთვის სადავო სასამართლო გზავნილის თარიღად მითითებულია 2009 წლის 3 თებერვალი, თუმცა აღნიშნული გარემოების წერილობითი დადასტურებისათვის საჭირო იყო სასამართლოს მიმართვა.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა რ. მ-შვილს.

შპს «სკს-ს» გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ადრესატის მეუღლე მედიკო პატიეშვილს, ხოლო ჩაბარების რიცხვად მითითებულია «30», თვის შევსების ადგილას კი «02» გადასწორებულია «01-ად».

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე რ.მ-შვილმა საჩივარი შეიტანა 2009 წლის 11 თებერვალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ხოლო რ. მ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარისათვის კანონით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი კანონის მიერ და მისი ამოწურვის შემდეგ მხარე კარგავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ რ.მ-შვილის საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას არ გაითვალისწინა, რომ საფოსტო შეტყობინების ბარათზე დაფიქსირებული ადრესატის ოჯახის წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღი გადასწორებულია, კერძოდ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს თარიღის თვის გრაფაში «02-ის» «01-ად» გადასწორების კვალი. აღნიშნული გარემოება ეჭვს ბადებს ზემოხსენებული ბარათის შედგენისა და მონაცემთა სისწორეში, რაც სააპელაციო პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 21 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე რ.მ-შვილის საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას სათანადოდ უნდა შეაფასოს ს.ფ. 83-84-ზე წარმოდგენილი შპს «სკს-ს» გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათები და იმსჯელოს მათი შედგენისა და მონაცემთა სარწმუნოობაზე, ასევე განსაზღვროს, თუ რა დროიდან უნდა აითვალოს სადავო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის ვადა და როდის უნდა ჩაითვალოს იგი ამოწურულად.

რაც შეეხება თ. მ-ძის კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. მითითებული სპეციალური ნორმით კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ზღუდავს მხარეთა უფლებას, სააპელაციო სასამართლოში გაზარდონ ან შეცვალონ სარჩელის საგანი, ასევე შეიტანონ შეგებებული სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.მ-ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა რ.მ-შვილისათვის 3400 ლარის დაკისრება, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრით მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის 6273 ლარის გადახდევინება, ამდენად, თ.მ-ძემ სააპელაციო ინსტანციაში თავისი სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა, რაც, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება თ.მ-ძის არგუმენტი, რომ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვისას მისთვის ცნობილი არ იყო მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის შესაძლებლობის არსებობის თაობაზე, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. ამდენად, დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, თ.მ-ძის ზემოხსენებული მითითება გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის გამოყენებასა და რ.მ-შვილისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 3000 ლარის დაკისრების ნაწილში თ.მ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

რ. მ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს რ.მ-შვილის საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.