Facebook Twitter

ას-196-531-07 29 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,, .. .. ”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 19 აპრილს შ. ს-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს ,, .. ..” მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 12 მარტის გადახდის ბრძანებით მას დაეკისრა 1910 ლარის გადახდა სს ,,ა...ის” სასარგებლოდ. 2003 წლის 20 ივნისს აუქციონზე გაიყიდა მისი კუთვნილი სახლი 2140 ლარად და კრედიტორის მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

2002 წელს, აუქციონამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსარჩელესთან მივიდნენ ბანკის წარმომადგენლები და შ. ს-სგან წაიღეს ხის დამამუშავებელი დანადგარი და განუცხადეს მას, რომ მის ღირებულებას ჩაუთვლიდნენ ბანკის მიმართ არსებულ ვალში.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლებმა დანადგარი თაღლითურად მიითვისეს და შესაბამისად მოითხოვა მისი კუთვნილი ხის დამამუშავებელი დანადგარის უკან დაბრუნება ან დანადგარის ღირებულების გადახდა საბაზრო ფასის მიხედვით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელის არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ. ს-მ სააპელაციო წესით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის გადასახდელად დანადგარის ღირებულების _ 1000 ლარისა და ჩამორთმევით მიყენებული ზიანის _ 5000 ლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით შ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დავის საგნად ხის დამამუშავებელი დანადგარის ღირებულების ანაზღაურება, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქალაქო სასამართლოში ითხოვდა მხოლოდ ხის დამამუშავებელი დანადგარის ღირებულების ანაზღაურებას და მას არ მოუთხოვია დანადგარის ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა დანადგარის ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ს-მ დავის საგნის ფასი თავად განსაზღვრა და მიუთითა 1000 ლარი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად რადგან, განსახილველ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.