საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №125აპ-17 ქ. თბილისი
ზ-ი გ, 125აპ-17 12 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის განაჩენით:
ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 21 ივნისიდან.
გ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 20 ივნისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - გ. ზ-ა და ზ. ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ. ზ-ი და დანაშაულში მისი თანამონაწილეები - ზ. ზ-ი და ნ. კ-ე, დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი, შეიჭრნენ ქ. თ-ი, კ-ს გზატკეცილის N-ში მდებარე სუპერმარკეტ „ვ-ი’’ და მოლარე-ოპერატორებს – ნ. კ-ა და გ. ბ-ს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცეს შპს „ვ-ს“ კუთვნილი თანხა – 2 100 ლარი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ზ-ა და მისმა ადვოკატმა მ. კ-მ, ასევე – მსჯავრდებულმა გ. ზ-ა და მისმა ადვოკატმა ზ. ა-მ.
მსჯავრდებულებმა - ზ. ზ-ა და გ. ზ-ა და მათმა ადვოკატებმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებულთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ისინი დაინტერესებული პირები არიან და, შესაბამისად, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მათ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულებმა მისცეს თანმიმდევრული ჩვენებები, მათი ჩვენებები თანხვდენილია მოწმეთა ჩვენებებთან. გასათვალისწინებელია, რომ სუპერმარკეტის თანამშრომელთა გარდა, ყაჩაღობის ფაქტი დაადასტურეს ამ შემთხვევის შემსწრე სხვა პირებმაც - რ. ბ-ა და ი. ს-მ. აღნიშნული დასტურდება ამოცნობის ოქმებითაც. მსჯავრდებულების - ზ. ზ-ა და გ. ზ-ს სუპერმარკეტში ყოფნის ფაქტი ასევე დასტურდება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითება, რომ ამოცნობის ოქმები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელებს დაფარული აქვთ მთელი სახე და მათი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია და განმარტა, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, მათ თავდამსხმელები ამოიცნეს იმ ნიშან-თვისებების მიხედვით, რაც „მათვის ხილვადი იყო“. იმ ფაქტს, რომ თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ „ბენდენით“, არც მოწმეები უარყოფენ და განმარტავენ, რომ თავდამსხმელებს პირზე აკრული ჰქონდათ ცხვირსახოცის ფორმის სამკუთხედად გაკეცილი ბენდენა ან ცხვირსახოცი, მაგრამ შესაძლებელი იყო მათი ცხვირის, თვალებისა და წარბების, ასევე თმის დანახვაც.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას ზ. ზ-ა და გ. ზ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ განიხილავს, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ეს არ გამორიცხავს მათ მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მით უფრო, რომ სასამართლოში გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითება, რომ დაზარალებული გ. ბ-ი აღწერს სულ სხვა პირს და არა – გ. ზ-ს, რომელიც მან ამოიცნო და განმარტა, რომ როგორც მოწმე გ. ზ-ს ჩვენებით დადგენილია, მან თავდამსხმელი ამოიცნო როგორც სახის მოყვანილობით, ასევე აგებულებით, კერძოდ, მისი განმარტებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა, იყო გამხდარი, დაახლოებით 1.70 სიმაღლისა, სახეზე მიფარებული ჰქონდა ცხვირსახოცი. უჩანდა მუქი ყავისფერი თვალები, წარბები, თმა და ცხვირის ნაწილი. მას ჰქონდა მუქი ფერის კანი, მუქი ქერა, მოგრძო, ტალღოვანი, თხელი თმა, ყავისფერში რომ გადადის, რაც შეესაბამება ი. ს-ს მიერ აღწერილი პირის გარეგნობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების - ზ. ზ-ა და გ. ზ-ს სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მათი წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელები.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ა-მ.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ზ-ს გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №207აპ-13; 605აპ-15) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - გ. ბ-ა და ნ. კ-ს ჩვენებებით,მოწმეების - ე. გ-ს, ს. კ-ს, მ. კ-ს, ი. ქ-ს, ე. ბ-ს, რ. ბ-ს, მ. ბ-ს, ბ. ი-ს, გ. შ-ს, ო. ღ-ს, ი. ს-ს, ი. ს-ს ჩვენებებით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, პირის ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ზ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი