Facebook Twitter

¹ას-199-526-09 7 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ც-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საპროცესო ვადის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ა. ც-შვილის სარჩელი თ. კ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. კ-იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ... პირველი კვარტლის ¹14 კორპუსში მდებარე, ¹16 ოთახი და გადაეცა ა. ც-შვილს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-იას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ნოემბრის განჩინებით თ. კ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. კ-იამ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება.

აღნიშნული კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია მხარის შუამდგომლობად საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე და იგი განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით თ. კ-იას განცხადება საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. კ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის აღდგენა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ხარვეზის შევსების ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა, კერძოდ ავადმყოფობის გამო, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო მისთვის აღედგინა საპროცესო მოქმედების ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-იას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი თ. კ-იას გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2008 წლის 2 ნოემბერს (ს.ფ.77), შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2008 წლის 12 ნოემბერი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში თ. კ-იამ ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2008 წლის 29 დეკემბერს თ. კ-იამ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილევლად დარჩება. აღნიშნული ნორმის შინარსიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ისპობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს აღარ შეუძლია საპროცესო მოქემდების შესრულება. თუმცა, კანონი უშვებს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების, ხოლო კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელების ან კანონით განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. კ-იამ მას შემდგომ მიმართა სასამართლოს, როდესაც საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უკვე გასული იყო, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენების წანამძღვრები არ არსებობს, ვინაიდან საპროცესო ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ არ გასულა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ვადა გავიდა 2008 წლის 12 ნოემბერს, ხოლო თ. კ-იამ სასამართლოს მიმართა 2007 წლის 29 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობებიც, ვინაიდან მითითებული მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. მართალია კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სამედიცინო ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოითხოვა თავისი ავადმყოფობა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად მიჩნეულიყო, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შუამდგომლობის აღძვრის მომენტში სააპელაციო საჩივარზე უკვე დამდგარი იყო პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგები სააპლაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების სახით, შესაბამისად, ამ განჩინებაზე ვერ გავრცელდებოდა სხვა პროცესუალური რეჟიმი და მისი გადასინჯვა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების საფუძველზე ვერ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა არსებობდა თუ არა საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზები.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. კ-იას ჰყავდა წარმომადგენელი გ. ღ-შვილი (ს.ფ. 28) და თუ თავად ავადმყოფობის გამო, ხარვეზს სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ შეავსებდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მას შეეძლო აღნიშნული წარმომადგენლის მეშვეობით ეწარმოებინა, ვინაიდან მითითებული მუხლით განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელი ეს არის პირი, რომელიც მარწმუნებლის სახელით და, მისი ინტერესების შესაბამისად, ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით (სსსკ-ის 98 მუხლი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა თ. კ-იას განცხადება საპროცესო მოქმედების ვადის აღდგენის შესახებ და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.