Facebook Twitter

ას-201-536-07 11 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. და ა. ა.-ები

წარმომადგენელი – ე. ნ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.-ი“

გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. და ა. ა.-ებმა სარჩელი აღძრეს ქალაქ ქუთაისის სასამართლოში ქუთაისის მერიის, მიწის მართვის სამმართველოსა და შპს „ფ.-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს მიწის ნაკვეთებს შორის ტერიტორიის ჩიხად გადაკეთება და იზოლირებული შესასვლელის მოწყობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. და ა. ა.-ების სააპელაციო საჩივარი და დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი.

განჩინება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შევიდა კანონიერ ძალაში.

2006 წლის 6 ნოემბერს ნ. და ა. ა.-ებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს მიეკუთვნებინა თუ არა სამშენებლო მასალების შეტანა გადაუდებელ აუცილებელ შემთხვევას.

განმცხადებელმა მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა იმის განმარტება, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს ტერმინები „გადაუდებელი აუცილებლობა“ და „პოტენციური მესაკუთრე“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ. და ა. ა.-ების განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი „ქალაქ ქუთაისის მერიამ და შპს „ფ.-მა“ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყონ სააპელაციო საჩივრის ავტორთა მიერ შპს „ფ.-ის“ ტერიტორიიდან ...-ის ქ. 11-ში მდებარე მიწის ნაკვეთამდე მისასვლელით სარგებლობა“ განმარტებული იქნა შემდეგნაირად: ქალაქ ქუთაისის მერიამ და შპს „ფ.-მ“ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ე.ი. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სასწრაფოდ არის აუცილებელი ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, თუ ამისი მიღწევა შეუძლებელია სხვა საშუალებით. უზრუნველყონ სააპელაციო საჩივრის ავტორთა მიერ შპს „ფ.-ის“ ტერიტორიიდან ...-ის ქ. 11-ში მდებარე მიწის ნაკვეთამდე მისასვლელით სარგებლობა.

პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ქალაქ ქუთაისის მერიამ და შპს „ფ.-მ“ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ სააპელაციო საჩივრის ავტორთა მიერ შპს „ფ.-ის“ ტერიტორიიდან ...-ის ქ. 11-ში მდებარე მიწის ნაკვეთამდე მისასვლელით სარგებლობა, თუმცა განჩინებაში განმარტებული არ არის თუ კონკრეტულად რას ნიშნავს „გადაუდებელი აუცილებლობა“.

მართალია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოთვლილი არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, კერძოდ: დასუფთავება, ნაგვის გატანა, წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა და ა.შ. საგანგებო სიტუაციები, თუმცა ზემოთ ხსენებული ჩამონათვალი არ არის სრულად გარკვეულწილად გაურკვეველიცაა. ასევე უდავოა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია მოხდეს სხვა მრავალი შემთხვევა, რომელსაც პირები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეაფასებენ.

ასევე პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით საჭირო არის განმარტებული იყოს სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი. გადაუდებელი არის ის, რაც დაუყოვნებლივ სასწრაფოდ უნდა შესრულდეს, ანუ რისი შესრულების დაყოვნებაც არ შეიძლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრეს ნ. და ა. ა.-ების წარმომადგენელმა ე. ნ.-მ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გადაუდებელ აუცილებლობად უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ ის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა დაუყოვნებლივი შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის შენობის სიმტკიცის ან წარმოშობს მისი ჩამოქცევის საშიშროებას, არამედ ისეთად, რომელიც სასწრაფო და აუცილებელი იქნება, რომ ზიანი არ მიადგეს ქონებრივ უფლებებსა და მოთხოვნებს. ამდენად, განმარტება არის არასრული „გადაუდებელი აუცილებლობის“ დაზუსტების და დაკონკრეტების კუთხით და მოითხოვს სამართლიან შეფასებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების უარსაყოფად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 198-ე, 147-ე და 152-ე მუხლებს, თუმცა გაუგებარია მოცემულ ნორმათა მიმართება განსამარტ საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლომ 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აღჭურვა უფლებით ესარგებლათ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელით, მაგრამ ეს უფლება არ წარმოადგენს შეუზღუდავ უფლებას, არამედ იგი შეზღუდულია სასამართლოს მიერ და ამ უფლების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო ტერმინთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ ქონების ესთეტიური იერსახის სრულყოფა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, ხოლო თუ სამშენებლო სამუშაოების დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ან ქონებას, მაშინ იგი ჩაითვლება გადაუდებელ აუცილებლობად, რაც გამომდინარეობს კიდეც გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან. აღნიშნულის სხვაგვარი განმარტება არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის განჩინების შინაარსიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი გადაწყვეტილება შეიძლება განიმარტოს სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება განმარტებულია სწორად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. და ა. ა.-ების წარმომადგენლის ე. ნ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.