¹ას-203-530-09 7 მაისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს «ც.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ც.” წინააღმდეგ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით შეჩერდა აღნიშნული საქმის განხილვა ი. დ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. დ-ძემ. ვინაიდან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ი. დ-ძეს მიეცა 7 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ი. დ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ი. დ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ. მან მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შეავსო ხარვეზი, მაგრამ სასამრთლოში დროულად არ წარმოუდგენია. აღნიშნული საფუძვლით ი. დ-ძემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით ი. დ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინება და ი. დ-ძის კერძო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება განახლდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა ვადაში შეავსო ხარვეზი, მაგარამ სასამართლოში დროულად ვერ წარმოადგინა, ამიტომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ც.”. მან მიუთითა, რომ ი. დ-ძემ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარედგინა სასამართლოში, თუმცა მას ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. ავადმყოფობის შემთხვევაში მას შეეძლო ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა აღნიშნული ქვითარი სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება და, შესაბამისად, არასწორად განახლდა მოცემული საქმის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს «ც.” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ი. დ-ძის კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 სექტემბრის განჩინებით განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
განჩინების ასლი ი. დ-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდა 2008 წლის 5 სექტემბერს ანუ ხარვეზის შევსებისათვის ბოლო ვადა ამოიწურა 2008 წლის 12 სექტემბერს.
2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
2008 წლის 11 ნოემბერს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა ი. დ-ძემ და მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, მაგრამ, ავადმყოფობის გამო, ვერ წარადგინა სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-422-ე მუხლებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ი. დ-ძეს არ წარმოუდგენია სასამართლოში მტკიცებულება, რის საფუძველზეც სასამართლოს შეეძლო საპატიოდ მიეჩნია სახელმწიფო ბაჟის წარუდგენლობა სასამართლოში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ბაჟს გადაიხდის თუ არა მხარე ბანკის მეშვეობით, აუცილებელი პირობაა, მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინოს სასამართლოში სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს სასამართლოში, ხარვეზი შევსებულად არ ჩაითვლება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ი. დ-ძემ ავადმყოფობის გამო, ვერ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს «ც.” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ც.” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება; ი. დ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.