Facebook Twitter

ას-20-375-07 5 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. გ-ი

ნოტარიუსი ნ. ს-ე (მოპასუხეები)

მესამე პირი – .. .. ..

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ვ. გ-ისა და ნოტარიუს ნ. ს-ის, მესამე პირის - .. .. .. მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2004 წლის 3 აგვისტოს საგარეჯოს რაიონის ნოტარიუსმა ნ. ს-მ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ვ. და გ. გ-ებს შორის ქ. საგარეჯოში, ... ქ. ¹...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწისა და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე. მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის გარკვეული ნაწილი ეკუთვნის მას საგარეჯოს მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის 1978 წლის ბრძანების შესაბამისად; ნასყიდობის საგნის ნაწილი მემკვიდრეობით აქვს მიღებული ფაქტობრივი ფლობით, რაც ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემისას არ გაუთვალისწინებია; ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის გამყიდველი გ. გ-ი იყო არაქმედუნარიანი, რადგან სიმსივნით იყო დაავადებული და ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მოპასუხე საგარეჯოს რაიონის ნოტარიუსმა ნ. ს-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ქ. საგარეჯოში, ... ქ. ¹...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ს. გ-ს საგარეჯოს საბჭოთა მეურნეობის ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთი გამოეყო ქ. საგარეჯოში, ... ქუჩა ¹...-ში მდებარე მშობლების ნაკვეთიდან, ამასთან აღსრულდა თუ არა ეს ბრძანება უცნობია; ნასყიდობის საგანი გ. გ-მა მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისაგან _ ვ. გ-საგან; სამკვიდრო მოწმობა გაიცა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სხვა მემკვიდრეს სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს; გ. გ-ს რომ ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, არ არის საფუძველი მის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანისათვის; ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია კანონის ზუსტი დაცვით და ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

მოპასუხე ნ. ს-მ და ვ. გ-მა განმარტეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

მესამე პირის .. .. .. წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამგეობის დადგენილების საფუძველზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სწორად არის გაკეთებული. სახლი აღრიცხული იყო ორ პიროვნებაზე, რომლებიც გარდაცვლილები არიან, რის შემდეგაც იგი გაფორმდა მემკვიდრის სახელზე და ხელშეკრულება გაფორმდა წარდგენილი საბუთების მიხედვით.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა ს. გ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ს. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ს. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ს. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 103-105). მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ს. გ-ს გაეგზავნა 2007 წლის 24 იანვარს (ს.ფ. 106), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 1 თებერვალს (ს.ფ. 107). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.