ას-205-540-07 7 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ...ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “თ...ს” წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ დაქვითული სახელფასო თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
სს “თ...მა” სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ა-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით ვ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რაზეც მხარემ შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ვ. ა-ს კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება ვ.ა-მა 2007 წლის 20 აპრილს ჩაიბარა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ვ. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა მის გამოსასწორებლად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ვ. ა-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 20 აპრილს. აღნიშნულის მიუხედავად, მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ვ. ა-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ა-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.