Facebook Twitter

ას-206-541-07 7 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა –ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ე, ნოტარიუსი – დ. ტ-ე (მოპასუხე)

მესამე პირი -- საჯარო რეესტრის ახალციხის სამსახური

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

დავის საგანი _ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. კ-ე დაბადებიდან დღემდე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ახალციხეში, ... ქ. ¹ 46-ში მამის, უ. კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.

2005 წლის ნოემბერში როდესაც მისმა ძმამ გ. კ-მ აღძრა სარჩელი მ. კ-ის ზემოაღნიშნული ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით, მ. კ-სათვის ცნობილი გახდა, რომ 2004 წლის 18 ნოემბერს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებული იყო ... სახელმწიფო ნოტარიუსის დ. ტ-ის მიერ, ზემოაღნიშნული სახლი მამას, უ. კ-ს მიუყიდია მეორე შვილისათვის, გ. კ-სათვის.

მოსაეჩელემ მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მის მამასა და ძმას შორის სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მოჩვენებითი ხასიათის იყო, მამას უ. კ-ს სახლის ფაქტიური გაყიდვის მიზანი არ ჰქონია, ამ ბინის ღირებულება მის ძმას გ. კ-ს არ გადაუხდია, მამა, უ. კ-ე სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას ვითომდა გაყიდულ ბინაში, ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო ზიანი მიდგომოდა მ. კ-ს და მის ოჯახს. ახალციხეში მოქმედებს ორი ნოტარიუსი, რომლებმაც შეგნებულად უთხრეს უარი უ. და გ. კ-ებს ბინაზე ხელშეკრულების გაფორმებაზე. რადგან იცოდნენ, რომ ამ ბინაზე მხარეებს ჰქონდათ დავა, ... ნოტარიუსმა ტ-მ სრულყოფილად არ გამოიკვლია გარემოებები, არ გაარკვია ვინ ცხოვრობდა ბინაში და ისე გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. რის გამოც ითხოვს უ. და გ. კ-ს შორის 2004 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმებას.

მოპასუხე ... ნოტარიუსმა დ. ტ-მ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ უ. და გ. კ-ებს შორის სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელსეკრულება დადებულია კანონიერად, მხარეთა თანხმობით.

მოპასუხე უ. კ-მ სარჩელი არ სცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უ. კ-სა და გ. კ-ს შორის საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ. ახალციხე, ..., ქ. ¹ 46 გაფორმებული 2004 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუს დ. ტ-ს მიერ ქალაქ ხაშურში. გაუქმდას საჯარო რეესტრის ახალციხის სამსახურის მიერ შესრულებული ჩანაწერი გ. კ-ზე ქალაქ ახალციხეში ... ქ. ¹ 46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ და აღნიშნული სახლი კვლავ აღირიცხა უ. კ-ის სახელზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს უ. და გ. კ-ებმა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გ. და უ. კ-ების საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. და უ. კ-ებს ჩაბარდათ 2006 წლის 20 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2006 წლის 8 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. და უ. კ-ების სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დატოვა განუხილველი გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.

პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ. კ-ს სასამართლოს გზავნილი არ ჩაბარებია, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ მ. კ-მ თავად აღიარა, რომ ადვოკატის ტექნიკური შეცდომის გამო სარჩელში მის მიერ არასწორად იქნა მითითებული გ. კ-ის მისამართი, რომელზეც გაეგზავნათ გზავნილი უ. და გ. კ-ებს ხოლო მათ სახელზე გამოგზავნილი არცერთი უწყება მას პირადად არ ჩაუბარებია, ხოლო გზავნილზე ხელმოწერა ,,მ.კ-ე” მისი განმარტებით შეიძლება არის მ. კ-ის ცოლი. მართალია მხარეები ერთ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მოწინააღმდეგე მხარეებს, ანუ მათ აქვთ ურთიერსაწინააღმდეგო ინტერესები, ამიტომ ერთი მხარის ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს მეორე მხარის ოჯახის წევრის ჩაბარებად, თუნდაც ისინი ერთდაიმავე სახლში ცხოვრობდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-ს არ ჩაბარებია სასამართლოს გზავნილი, შესაბამისად არ გაუშვია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. ამდენად უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი სხვა დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.