Facebook Twitter

ას-208-543-07 20 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “საქართველოს რ...ა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ნ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს კ. ნ-ის წარმომადგენლებმა, ზ.გ-მა და ი.ნ-მ მოპასუხე შპს „საქართველოს რ...ის“ მიმართ შპს „საქართველოს რ...ის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 14 აპრილის ¹... და 2006 წლის 20 აპრილის ¹... ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოდან განთავისუფლების უკანონოდ ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1970 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 25 აპრილამდე კ. ნ-ე მუშაობდა შპს „საქართველოს რ...ში“ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. კ. ნ-ის ბოლო სამუშაო ადგილი იყო შპს „საქართველოს რ...ის“ ფილიალი, „აღმოსავლეთი ... სამმართველოს“ დირექტორის მოადგილის თანამდებობა, რომელზედაც იგი მუშაობდა 2005 წლის 10 ოქტომბრის 6 თვის ვადით დადებული შრომითი კონტრაქტის საფუძველზე. 2006 წლის 14 აპრილს შპს „საქართველოს რ...ის“ გენერალურ დირექტორ ი.ე-ს მიერ გამოიცა ბრძანება ¹... ვადიანი შრომის ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს გაუხანგრძლივდა ვადიანი შრომის ხელშეკრულება იმავე თანამდებობაზე 2006 წლის 10 აპრილიდან 25 აპრილამდე, ხოლო ხელფასი განესაზღვრა საშტატო განრიგის მიხედვით. ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს „საქართველოს რ...ის“ დირექტორთა საბჭოს 2006 წლის 31 მარტის ¹... დადგენილება და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი. აღნიშნული ბრძანება კ.ნ-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 19 აპრილს.

2006 წლის 20 აპრილს გენერალური დირექტორ - ი.ე-ს მიერ გამოიცა ბრძანება ¹... „ვადიანი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“, რის საფუძველზეც მოსარჩელეს 2006 წლის 25 აპრილიდან ვადის გასვლის გამო შეუწყდა ვადიანი შრომის ხელშეკრულება. ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს „საქართველოს რ...ის“ დირექტორთა საბჭოს 2006 წლის 20 აპრილის ¹... დადგენილება და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ პუნქტი. აღნიშნული ბრძანება კ. ნ-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 25 აპრილს.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მხარემ შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით გამოსცა გასაჩივრებული ბრძანებები, ვინაიდან მხარეთა შორის 2005 წლის 10 ოქტომბრის წერილობითი სახით 6-თვიანი ვადით გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგძლივდა (15 კალენდარული დღით) არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, თავის მხრივ, აღნიშნული ბრძანებაც მიღებულ იქნა 4 დღის დაგვიანებით ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 4 დღის შემდგომ - 2006 წლის 14 აპრილს. აღნიშნულით კი დარღვეული იქნა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელის წარმომადგენელთა მოსაზრებით, დასახელებული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი მარწმუნებელი – კ. ნ-ე ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ და გასაჩივრებული ბრძანების მიღებამდე, უკვე ითვლებოდა შპს „საქართველოს რ...ში“ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავედ. ადმინისტრაციის მხრიდან დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნაც, რომლის თანახმადაც იმ საწარმოში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მათ მარწმუნებელს ამ სისტემაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ხასიათის ღონისძიებები. ასევე მოსარჩელეს ჰყავს I ჯგუფის ინვალიდი შვილი, რომელიც იმყოფება მის კმაყოფაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლებმა მოითხოვეს კ. ნ-ის განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, შპს „საქართველოს რ...ის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 14 აპრილის ... და 2006 წლის 20 აპრილის ¹... ბრძანებების ბათილად ცნობა, 2005 წლის 10 ოქტომბერს შპს „საქართველოს რ...სა“ და კ. ნ-ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად ცნობა, განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა და მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში სახელფასო განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ასევე მოპასუხე მხარისათვის კ. ნ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული ხარჯების 600 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “საქართველოს რ...მ”.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს “საქართველოს რ...ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “საქარველოს რ...მ” და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განჩინებაში, სსკ-ის 285-ე მუხლის შესაბამისად, არ არის მითითებული მხარეები და დავის საგანი. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კი მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალოს ვინმე ნ. პ-ს და არა შპს “საქართველოს რ...ს”.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “საქართველოს რ...ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს “საქართველოს რ...ის” სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

დადგენილია, რომ შპს “საქართველოს რ...ს” განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 24 იანვარს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ შპს “საქართველოს რ...მ” არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება შპს “საქარველოს რ...ის” მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განჩინებაში, სსკ-ის 285-ე მუხლის შესაბამისად, არ მიუთითებია მხარეები და დავის საგანი. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კი მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალოს ვინმე ნ. პ-ს და არა შპს “საქართველოს რ...ს”. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო სასამართლომ დაავალა არა შპს “საქართველოს რ...ს”, არამედ ნ. პ-ს, ამის გამო უნდა გაუგრძელდეს ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განჩინების მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ ნ. პ-ს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებლი ქვითარის წარმოდგენა, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილის აღნიშნულ პუნქტში დაშვებული პროცესუალური დარღვევა არ შეიძლება გახდეს განჩინების გაუქმების საფუძველი. მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად შპს “საქართველოს რ...ს” დაევალოს სახელმწიფო ბაჟის – 796 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესახებ, რაც არ შეიძლება გაქარწყლებული იქნას განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ჩანაწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “საქართველოს რ...ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.