Facebook Twitter

ას-210-544-07 10 მაისი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. პ.-ი

წარმომადგენელი _ გ. გ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 17 მარტს რ. პ.-მ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად, დაბა ხელვაჩაურში, ...-ის ქ.¹27-ის ბინა ¹21-ში მდებარე ბინიდან, აგრეთვე, ნივთების დაბრუნება, ბინით სარგებლობისას დახარჯული ელექტროენერგიისა და იურიდიული მომსახურების საფასურის მოპასუხისათვის დაკისრება იმ მოტივით, რომ ნ. ნ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად ბინაში თვითნებურადაა შესახლებული, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ბინას და არც იქ არსებულ ქონებას უბრუნებს.

თავის მხრივ, მოპასუხე ნ. ნ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მისი მეუღლის მიერ რ. პ.-სათვის გადახდილი ბინის საფასურის _4900 აშშ დოლარისა და ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯების _ 1442,60 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება და გამოსახლებისა და გადახდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ერთდროულად აღსრულება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით რ. პ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ნ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან, მდებარე, დაბა ხელვაჩაურში, ...-ის ქ. ¹27-ის ბინა¹21-ში და ბინაში არსებული ნივთები დაუბრუნდა მოსარჩელე რ. პ.-ს. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება _ 200 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ნ.-ის შეგებებული სარჩელი და მოსარჩელე _ რ პ.-ს დაევალა ბინის გაყიდვით მიღებული 4900 აშშ დოლარისა და ბინაში ჩატარებული რემონტის საფასურის _ 1442 ლარის გადახდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. პ.-ის წარმომადგენელმა გ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2006 წლის 27 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, დიდთოვლობის მიზეზით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განსახილველად გადაიდო 2007 წლის 24 იანვრისათვის, რის შესახებაც მხარეებს უწყებები გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება ფოსტიდან უკან დაბრუნდა წარწერით, რომ აპელანტი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა(ს.ფ.115-125).

2006 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. პ.-მ და მოითხოვა საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მას გადაუხადა 9900 ლარი, მორიგდნენ და სადავო აღარაფერი აქვთ.

აღნიშნულის დასადასტურებლად 2007 წლის 22 იანვარს მოპასუხე _ ნ. ნ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ასლი, მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან მიაღწია შეთანხმებას, ხოლო რ. პ.-ი გაემგზავრა რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოდარში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით, რ. პ.-ის წარმომადგენლის _ გ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა რ. პ.-ის წარმომადგენელმა გ. გ.-მ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. პ.-ის წარმომადგენლის _ გ. გ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო უწყება ფოსტიდან უკან დაბრუნდა წარწერით, რომ აპელანტი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ხოლო გ. გ.-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ რ. პ.-ი მოპასუხეთა ზეწოლის გამო იძულებული იყო გამოეცვალა მისამართი და ამიტომ არ ჩაბარდა სასამართლო უწყება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც მითითებული მუხლის თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა შეცვლილი მისამართის შესახებ, რაც კერძოO საჩივრის ავტორს არ გაუკეთებია. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2006 წლის 28 დეკემბერს რ. პ.-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის განუხილველად დატოვება და პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მას გადაუხადა 9900 ლარი, მორიგდნენ და სადავო აღარაფერი აქვთ (ს.ფ.109).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. პ.-ის წარმომადგენლის _ გ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.