Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-213-474-08 30 აპრილი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)

წარმომადგენელი– ე. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ლ-აძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 05 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებულ განჩინებაში შესწორების შეტანა.

დავის საგანი_ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა,ზიანის/განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2007 წლის 26 იანვარს მიმართა მ. ლ-აძემ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის რაიონული ფილიალის უფროსის ე. ტ-აძის წინააღმდეგ ¹42 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, შრომითი ურთიერთობის აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2007 წლის 14 თებერალს მოსარჩელემ, ე. ტ-აძის ნაცვლად მოპასუხედ მიუთითა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის რაიონული ფილიალი, იმავე სხდომაზე სასამართლო ინიციატივით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და ე. ტ-აძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განსჯადობით გადაეცა მ. ლ-აძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის მიმართ.

2007 წლის 1 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ინიციატივით მოხდა მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის შეცვლა მისი უფლებამონაცვლით-სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა ე.საბიაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეები მორიგდნენ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მხარეების მ. ლ-აძის და სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მორიგება შემდეგი პირობებით:

_მხარეები თანახმანი არიან, 2008 წლის 1 თებერვლიდან გაფორმდეს მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულის განყოფილებაში მომუშავე სხვა თანაშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების თანაბარი ვადით, რომლის მიხედვით მ. ლ-აძე განახორციელებს შრომით საქმიანობას სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გლდანი –ნაძალადევის რაიონული განყოფილების უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე.

_მ. ლ-აძე უარს ამბობს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ დაყენებულ მოთხოვნაზე ზიანის ანაზღაურების სახით 20000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის მიღებასთან დაკავშირებით.

2008 წლის 15 თებერვალს სასამართლოს ინიციატივით მორიგების განჩინებაში შეტანილ იქნა შესწორება.

მორიგების განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მორიგების განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გამოტოვებულია მორიგების აქტის შემდეგი პირობები: 1 ,,მ. ლ-აზე უარს აცხადებდა მოთხოვნაზე განაცდურის ანაზღაურების ნაწილში” 2. მ. ლ-აძე უზრუნველყოფს სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას.” კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული გარემოებების მითითება მორიგების განჩინებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მხარეთა შორის მორიგების ფაქტს, ხოლო მორიგების განჩინების გასაჩივრება გათვალისწინებულია იმ შემთხვევისათვის როცა მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მორიგების პირობებს და აღნიშნული საფუძვლით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი არ მოითხოვს მორიგების განჩინების გაუქმებას, არამედ ითხოვს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გამოტოვებული მორიგების პირობების დამატებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ არასწორადაა გამოყენებული საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლება, რადგან ის უფლებამოსილი იყო მიემართა სააპელაციო სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად უსწორობის გასწორების მოთხოვნით და არა საკასაციო სასამართლოსთვის კერძო საჩივრით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი ადგენს წესს, როცა სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გაასწოროს შეცდომები და შეიტანოს შესწორება შესაბამის განჩინებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა განემარტოს, რომ მან აღნიშნული ნორმის საფუძველზე მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნით.

ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლის ე. ს-შვილისPP კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 05 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.