Facebook Twitter

ას-215-476-08 D22 მაისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლბა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.კ-ინა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით ნოტარიუს გ.გ-შვილის სარჩელი ა.კ-ინას მიმართ პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 5000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ა.კ-ინას შეგებებული სარჩელი გ.გ-შვილის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. დაკმაყოფილდა ა.კ-ინას მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. რ.ში, ......... ქ.¹..-..-ში მდებარე ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნის თაობაზე.

რ.ის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ა.კ-ინამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ერთდროულად, როგორც თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

გ.გ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის განჩინებით ა.კ-ინას სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ა.კ-ინამ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა.კ-ინას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.კ-ინას, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მიხედვით დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ა.კ-ინას გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ჩაჰბარდა 20..წ. .. ოქტომბერს (ს.ფ.364), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 20..წ. . ნოემბერი. ა.კ-ინამ ხარვეზი არა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არამედ ვადის გასვლის შემდგომ, 20..წ. . ნოემბერს გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ა.კ-ინა კერძოO საჩივარში განმარტავს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება არც მას და არც მის ოჯახის წევრებს არ ჩაჰბარებიათ და, შესაბამისად, მან ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა მის დეიდას 20..წ. .. ოქტომბერს (ს.ფ.364), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად ითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ ა.კ-ინას სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა.კ-ინას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.