Facebook Twitter

საქმე №3აგ-17 5 ივნისი, 2017 წელი

უ-ი ნ, 3აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით ნ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო 108-ე მუხლით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 თებერვლიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. უ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ ნ. უ-ს საქართველოს სსკ–ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 50 საათით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 108-ე მუხლით განსაზღვრულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათით და საბოლოოდ ნ. უ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. 2016 წლის 19 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. უ-მა და სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და სასჯელის მის საფუძველზე განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. უ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - მსჯავრდებული ნ. უ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განხილვას მასში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა.

3. მსჯავრდებულ ნ. უ-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისობაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (№63აგ-16, 28 ივლისი, 2016 წელი), ხოლო იმავე საკითხზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.

4. რაც შეეხება ნ. უ-ის განცხადებას, რომ სურს, სასჯელი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე განესაზღვროს, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ნ. უ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. უ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე