Facebook Twitter

¹ას-219-480-08 14 მაისი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ნ-ას დაეკისრა შვილის _ ს. ნ-ას სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა სარჩელის შემოტანიდან _ 2006 წლის 28 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე _ 2007 წლის 21 იანვრამდე, თვეში _ 400 ლარის ოდენობით, სულ 1600 ლარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ნ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება ალიმენტის ოდენობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის წარსული დროის _ 3 წლის ფარგლებში ალიმენტის დაკისრება 2000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 16 იანვრის განჩინებით ს. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ნ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ მისმა წარმომადგენელმა, ავადმყოფობის გამო, ვერ მოახერხა სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, ხოლო თავად იმყოფებოდა დასასვენებლად დაბა ბაკურიანში, რის გამოც მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს. ნ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ მუხლის შინაარსის მიხედვით, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ უწყება გაეგზავნა როგორც მხარეს, ასევე წარმომადგენელს და ეს უწყება ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყების ჩაბარების თაობაზე, მხარემაც და წარმომადგენელმაც ერთმანეთს უნდა აცნობონ. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, აგრეთვე, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ს. ნ-ას წარმომადგენელ ა. ქ-ს, ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 2007 წლის 11 დეკემბერს, (ს.ფ.100), ხოლო მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2007 წლის 28 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2007 წლის 25 დეკემბერი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისმა წარმომადგენელმა სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, ავადმყოფობის გამო, ვერ მოახერხა, ხოლო თავად იმყოფებოდა დასასვენებლად დაბა ბაკურიანში და ამიტომ საპროცესო ვადის დარღვევა საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც აღნიშნულ კერძო საჩივარში თავადვე მიუთითებს, რომ გაშვებული აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რომლის აღდგენა დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.

ამდენად, ს. ნ-ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ს. ნ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 16 იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.