Facebook Twitter

¹ას-220-546-09 14 მაისი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – კ. გ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე კ. გ-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ კ. გ-ძე 2005 წლის პირველი მარტიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, დაინიშნა, მეორე ქვეითი ბრიგადის, 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, მეორე მსუბუქი ასეულის, მეორე მსუბუქი ქვეითი ოცეულის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის საცეცხლე ჯგუფის მეთაურად და მიენიჭა სამხედრო წოდება «კაპრალი».

შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან, კ. გ-ძე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹2845 ბრძანებით კ. გ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2005 წლის 7 ოქტომბრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

მოპასუხემ სამხედრო სამსახურში იმუშავა 7თვე და 6 დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპსაუხისათვის 2005 წლის პირველი მარტის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 3411,02 ლარის, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ჯარიმის სახით 14000 ლარისა და 2005 წლის 18 ოქტომბრიდან, მოთხოვნილი თანხების გადახდამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 14000 ლარის 0,2 %-ის დაკისრება.

მოპასუხე კ. გ-ძემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო კ. გ-ძისათვის 3411 ლარისა და 84 თეთრის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კ. გ-ძე 2005 წლის პირველი მარტიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 18 მარტის ¹604 ბრძანებით დაინიშნა საცეცხლე ჯგუფის მეთაურად და მიენიჭა «კაპრალის» წოდება;

საქმეში არსებული მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თავდაცვის სამინისტრომ ანალოგიური სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს კ. გ-ძის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მისთვის 3411,82 ლარის დაკისრების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კ. გ-ძის მხრიდან კონტრაქტის 7.3 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია, მას არ შეუქმნია პირობები იმისათვის, რომ სამინისტროს მასთან კონტრაქტი შეეწყვიტა, სამხედრო ნაწილში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობით, შესაბამისად, არსებობდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, ვინაიდან ხელშეკრულების 7.3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურის მხრიდან პირობების შექმნა გულისხმობდა ამავე მოსამსახურის მხრიდან ბრალეული მოქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ავადმყოფობა არ შეიძლება მიჩნეულიყო მოსამსახურის მხრიდან ბრალეულ ქმედებად.

აღნიშნული გარემოება, ხონის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციად ჩათვალა და საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის უფლება კრედიტორს მოვალის მიმართ იმ შემთხვევაში უჩნდება, თუ მოვალე განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კ. გ-ძის ბრალეულობა გამოიროცხა, შესაბამისად, გამოირიცხა მისი პასუხისმგებლობაც და იგი აღარ წარმოადგენდა ვალდებულ პირს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღარ იყო უფლებამოსილი მოპასუხისააგან თანხის ანაზღაურება მოეთხოვა.

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის გამო ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კ. გ-ძისათვის ჯარიმის თანხის _ 14000 ლარის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს სახით 14000 ლარის 0,2%-ის ყოველთვიურად დაკისრების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კ. გ-ძისათვის 3411,02 ლარის დაკისრების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, კ. გ-ძის მიმართ 3411,02 ლარის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. გ-ძეს შორის 2005 წლის პირველი მარტის ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა 2008 წლის 19 სექტემბერს კ. გ-ძის წინააღმდეგ 3411,02 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელის განხილვის შესაძლებლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით წარდგენილ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში, ვინაიდან მართალია არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკებრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლები არსებითად განსხვავდებოდა, კერძოდ, ხონის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს მითითებულ ნაწილში, თავდაცვის სამინისტრომ საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 394.1, 407-ე, 361.2, 316.1, 317.1 მუხლები, ხოლო 2005 წლის 18 ნოემბრის სასარჩელო განცხადებაში თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველს ცალსახად წარმოადგენდა მხოლოდ კონტრაქტის 7.3, 8.3 პუნქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კ. გ-ძის მიმართ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, კერძოდ «სამხედრო მომსახურის» მომზადებაზე გაწეული ხარჯების _ 3411,82 ლარის ანაზრაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ასევე დადგენილია, რომ, როგორც უკვე განხილულ და გადაწყვეტილ, ასევე მიმდინარე დავაში მოსარჩელე არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მოპასუხე კი _ კ. გ-ძე. დავის საგანი იყო და არის სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე დავაში ერთი და იგივე მხარეები იდენტური საპროცესო სტატუსით მონაწილეობდნენ, ერთი და იმავე დავის საგნითა და საფუძვლით. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლები არსებითად განსხვავდებოდა, კერძოდ, ხონის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს მითითებულ ნაწილში, თავდაცვის სამინისტრომ საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 394.1, 407-ე, 361.2, 316.1, 317.1 მუხლები, ხოლო 2005 წლის 18 ნოემბრის სასარჩელო განცხადებაში თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველს ცალსახად წარმოადგენდა მხოლოდ კონტრაქტის 7.3, 8.3 პუნქტები. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ორივე დავაში მოთხოვნის საფუძველი იყო კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობა და აღნიშნულის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.