Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-221-482-08 23 აპრილი 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები--შპს ,,საირხეს” დირექტორი ც. მ-იძე და შპს ,,მს” ის დირექტორი ნ. გ-ური

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ხ-აძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ხ-აძემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შპს „საირხეს“ წინააღმდეგ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილების, შპს „საირხეს“ ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ გაუქმება და შპს „საირხეს“ პარტნიორად აღდგენა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დ. ხ-აძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება გაუქმდა, შევიდა ცვლილებები შპს „საირხეს“ სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში და დ. ხ-აძე აღირიცხა შპს „საირხეს“ საწესდებო კაპიტალის 25%-ის მესაკუთრე პატნიორად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შპს ,,საირხემ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,საირხეს” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2007 წლის 12 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „საირხემ“ და შპს „მ.ს“-მა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ შპს „მ.ს.“, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებით განისაზღვრა მისი უფლება-მოვალეობანი ერთ-ერთი მხარის მიმართ ან თუ გადაწყვეტილება მისთვის იწვევს უშუალო და პირდაპირ შედეგს.

პალატამ მიიჩნია რომ, დ. ხ-აძესა და შპს „საირხეს“ შორის დავის საგანს წარმოადგენდა დ. ხ-აძის აღდგენა შპს „საირხეს“ პარტნიორად.

დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2006 წლის 3 ნოემბერს. ამ დროიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „საირხეს“ წილის 100% ეკუთვნოდა ც. მ-იძეს (ტ. II, ს.ფ. 172-174).

პალატამ ჩათვალა რომ, დავის პროცესში შპს „მ.ს“ საწარმოს პარტნიორი არ იყო და მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს გადაწყვეტილება არ შეეხებოდა.

პალატამ არ გაიზიარა შპს „მ.ს“-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ იგი მოწვეული უნდა ყოფილიყო საქმის განხილვაზე იმიტომ, რომ დ. ხ-აძის საწარმოდან გარიცხვის შემდეგ მიიღო მისი კუთვნილი წილის 16%.

დასახელებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში შპს ,,საირხემ” და Aშპს ,,მს”-მა .

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით საქმის განხილვაში მოწვეული არ იქნა მხარე, კერძოდ შპს ,,მ.ს”-ი რომელიც შპს ,,საირხეში” 2001 წლიდან ფლობდა წილის 66%-ს 2006 წლის 14 აპრილამდე, შესაბამისად სწორედ შპს ,,მ.ს”-ი ფლობდა ამ დროის მანძილზე დ. ხ-აძის 16 % და არა ც. მ-იძე და შპს ,,საირხე”.

კერძო საჩივრის ავტორების აზრით მოსამართლეებმა დამალეს 2007 წლის 7 ივნისს ის ფაქტი, რომ დ. ხ-აძე 2002 წლის 30 დეკემბრისათვის პარტნიორთა რიგიდან გარიცხული იყო სასამართლოს მიერ და 2002 წლის 30 დეკემბერს მხოლოდ წილების გადანაწილება მოხდა შპს ,,საირხეში” ისევ სასამართლოს წესით.

შპს,, საირხეს” დირექტორი ც. მ-იძე თვლის, რომ სასამართლო დაინტერესებული იყო საქმის შედეგით და ყველა პროცესზე ახორციელებდა მოწინააღმდეგე მხარის მხარდაჭერას.

კერძო საჩივრის ავტორი, კერძოდ შპს ,,მს” ის დირექტორი ნ. გ-ური მიიჩნევს, რომ ის მოწვეული უნდა ყოფილიყო საქმის განხილვაში, ვინაიდან 2006 წლის სექტემბერში აღნიშნული ტიპის დავაზე, სადაც დავით ხუკივაძე მოითხოვდა 50%-იანი წილის დაბრუნებას, შპს ,,მ.ს” მოწვეული იქნა პროცესზე, ვინაიდან მას გარკვეული უფლება-მოვალეობები აკავშირებდა მხარეებთან. მაშინ როდესაც შპს ,,საირხეს 100 %-იანი წილის მფლობელი უკვე იყო ც. მ-იძე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო შპს ,,საირხეს” დირექტორ ც. მ-იძის და შპს ,,მს” ის დირექტორ ნ. გ-ურის კერძო საჩივრებს და თვლის, რომ კერძოს საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილება, რომლის შესაბამისად დ. ხ-აძის 25% წილი გადანაწილდა შპს ,,მ.ს”-სა და ც. მ-იძეზე, რომელთა წილები საზოგადოებაში შესაბამისად პირველ შემთხვევაში განისაზღვრა 66%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 34%-ით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,მ.ს”-მა თავისი წილი დაუთმო ც. მ-იძეს, რომელიც 2006 წლის 5 მაისს აღირიცხა შპს ,,საირხეს” 100%-იანი წილის მფლობელად (ს.ფ.174), ხოლო რაიონულ სასამართლოში დავა აღიძრა 2006 წლის 3 ნოემბერს. ამ დროიდან მოყოლებული შპს ,,საირხეს” 100%-იანი წილის მფლობელია ც. მ-იძე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივებს და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებსაც ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება უშუალო და პირდაპირ ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მხარის კანონიერ ინტერესებსა და უფლებრივ მდგომარეობაზე, რომ არსებობდეს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,საირხეს” დირექტორის ც. მ-იძის მიერ კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოებები და მითითებული მტკიცებულებები, კერძოდ ის გარემოება რომ 2002 წლიდან 2006 წლის ნოემბრამდე ,,მს”-ი იყო შპს ,,საირხეს” პარტნიორი და 66% წილის მფლობელი იურიდიულად ვერ ამართლებს მის მოთხოვნას, ვინაიდან სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს შპს ,,მს”-ი აღარ წარმოადგენდა შპს ,,საირხეს” მეწილეს და შესაბამისად 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება ვერ მოახდენდა გავლენას შპს ,,მს”-ის კანონიერ ინტერესებზე, რის გამოც არ არსებობს მისი საქმის განხილვაში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული განმარტება ვრცელდება შპს ,,მ.ს”-ის კერძო საჩივარზეც, ვინაიდან შპს ,,საირხეს” დირექტორის ც. მ-იძის და შპს ,,მს”-ის დირექტორის ნ. გ-ურის სამართლებრივი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების საფუძვლად მითითებული გარემოებები ერთგვაროვანია.

რაც შეეხება დამატებით კერძო საჩივრის ავტორის, კერძოდ შპს ,,მ.ს”-ის მითითებას, რომ მხარეთა შორის არსებულ სხვა დავაზე, სადაც დ. ხ-აძე ითხოვდა 50%-იანი წილის დაბრუნებას, შპს ,,მ.ს” მოწვეული იქნა პროცესზე, აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებას განსახილველ საქმესთან კავშირი არ აქვს და დასახელებული მოტივი არ წარმოადგენს საქმის განხილვაში მისი ჩაბმის საფუძველს. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა შპს ,,მ.ს”-ის უფლება-მოვალეობანი ერთ-ერთი მხარის მიმართ და გადაწყვეტილება მას არ შეხებია, შესაბამისად პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა შპს ,,საირხეს” და შპს ,,მს”-ის განცხადებები 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს. ,,საირხეს” დირექტორის ც. მ-იძის და შპს ,,მს”-ის დირექტორის ნ. გ-ურის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.