Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-222-483 25 ივნისი, 2008 წ

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

წარმომადგენელი - გ. გ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე – ინდ. მეწარმე „ი. ბ.-ი“

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე „ი.ბ.-მ“ სს „ა.-ის“, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ და მოითხოვა მათთვის ძირითადი თანხის - 63983 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 1859 ლარის, საბანკო პროცენტის - 5765 ლარისა და საადვოკატო მომსახურების - 10%-ის სოლიდარულად დაკისრება.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მას და სს „ა.-ს“ შორის 2004 წლის 4 მარტს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ¹135/20 წერილის საფუძველზე გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება აჭარის ა/რ პარლამენტის შენობის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. მოსარჩელის განმარტებით, მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო დამკვეთი, მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე. სს „ა.-ი“ ხელშეკრულებაში ასრულებდა შუამავლის როლს და დამკვეთს ფაქტობრივად წარმოადგენდა აჭარის ა/რ მთავრობის უფლებრივი წინამორბედი. აღნიშნულის გამო მოსარჩელე ითხოვდა მისთვის გადასახდელი თანხების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში დატოვებულ იქნა მესამე პირად, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის შუამდგომლობით კი თანამოპასუხედ საქმეში ჩართულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს - სს „ა.-ნს“, აჭარის ა/რ მთავრობასა და აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების - 63 983 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ღირებულების 4%-ის ოდენობის - 2559,32 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ა.-მა“, აჭარის ა/რ მთავრობამ და აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ მთავრობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა მთლიანად; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე „ა.-ს“ მოსარჩელე ი.ნ ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების - 63 983 ლარსა და საადვოკატო ხარჯების - 2559 ლარისა და 32 თეთრის გადახდა. ი. ბ.-ის სარჩელი აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა.რ. მთავრობისათვის აღნიშნული თანხების სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ა.-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით სს „ა.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება სახელმწიფო ბაჟის ნაწილში. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სამოქალაქო საქმეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ მთავრობის განცხადებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა გ. გ-იძემ შეიტანა კერძო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განჩინება უკანონოა, აჭარის ა/რ მთავრობას სრული უფლება ჰქონდა მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რომელსაც უნდა ემსჯელა აღნიშნულზე და, შესაბამისად, განემარტა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება არის ბუნდოვანი და საჭიროებს განმარტებას. ამდენად, მან მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება და განჩინების განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს სასამართლო ხარჯების, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტას. თუ ძირითად მოთხოვნასთან ერთად მხარე მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას მეორე მხარისათვის ან სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტას და იგი არ არის სასამართლოს მიერ განხილული და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) ასახული, მხარეს შეუძლია მიმართოს არა გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების მოთხოვნით, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან 7 დღის ვადაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებიდან ირკვევა, თუ რა ნაწილში გააუქმა სააპელაციო პალატამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რა ნაწილში დატოვა იგი უცვლელი და რა გადაწყვიტა თავად, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გააუქმა მხოლოდ სს “ა.-ის”, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ მთავრობისათვის სოლიდარულად, მოსარჩელე ი. ბ.-ის სასარგებლოდ შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების - 63 983 ლარისა და საადვოკატო ხარჯების - 2559 ლარის და 32 თეთრის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ გაუთავისუფლებია აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და არ დაუკისრებია მისი გადახდა მოწინააღმდეგე მხარისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აჭარის ა/რ უმაღლესი მთავრობის წარმომადგენელ გ. გ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.