Facebook Twitter

ას-222-547-09 14 მაისი 2009წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ... სამინისტრო (მოსარჩელე)

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი – ვ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ძ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება.

კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

.... სამინისტრომ 2008 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ე. ძ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, კერძოდ ჯარიმის სახით 14 000 ლარის, ზიანის სახით 349,09 ლარის და პირგასამტეხლოს 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველთვიურად 2005 წლის 12 სექტემბრიდან ხელშეკრულებაში მითითებული თანხის გადახდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ... სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ... სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოსამსახურის მიერ ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას რაიმე პასუხისმგებლობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან 3\ბ-950-08წ. ცალკე წარმოებად გამოეყო ... სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ე. ძ-ის წინააღმდეგ, ზიანის 349,09 ლარის დაკისრების ნაწილში და განსჯადობის წესების დაცვის განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 04 თებერვლის განჩინებით ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში კი ... სამინისტრო ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვდა 349,09 ლარის ე. ძ-ზე დაკისრებას, რაც არ აღემატება 1 000 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დაადგინა, რომ არსებობდა ზიანის 349,09 ლარის ანაზღაურების ნაწილში ... სამინისტროს სააპელაციო საჩივრის, განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ... სამინისტროს წარმომადგენელმა ვ. ჯ-მ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხონის რაიონული სასამართლოს მიერ საქმე განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო წესით. აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თანახმად სსსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა ვალდებული იყო გადაწყვეტილება გაეუქმებინა და საქმე დაებრუნებინა ხელახლა განსახილველად ვინაიდან ... სამინისტროს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხონის რაიონულ სასამართლოში განხილული იქნა სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო იმის გამო, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან მოცემული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივ დავას და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო დავების განხილვისათვის დაწესებული სამართლებრივი ნორმები.

ის გარემოება, რომ ... სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძო სამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი („ადმინისტრაციული ხელშეკრულება“) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უნდა ემსჯელა არა სამოქალაქო არამედ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად გადაეცეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

... სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება და ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება