¹ას-22-359-09 26 იანვარი, 2009 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოსარჩელე), ჟ. თ-შვილი (მესამე პირი)
გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-იას მიმართ მოპასუხის ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაინის სასამართლოს 1998 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 15 აპრილის ¹140 დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა განსახილველად.
1998 წლის 7 სექტემბერს სადავო უძრავი ნივთის პრივატიზება განახორციელა ჟ. თ-შვილმა, მან სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა გ. კ-იას მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელთან ერთად მისი სარჩელის განხილვა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობისა და ჟ. თ-შვილის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
რაიონული სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შეგებებული სარჩელისა და ზედამხედველობის წესით საჩივრის განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 ივნისის განჩინებით გ. კ-იას უარი ეთქვა კარძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
გ. კ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განხილვა შეჩერდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის გადაწყვეტამდე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის პირველი ივლისის განჩინებით გ. კ-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ასევე გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მესამე პირმა ჟ. თ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, მე-3 მკ.რ-ის ¹18 კორპუსში მდებარე ¹10 ბინის ყადაღისაგან გათავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღის გამოყენების თაობაზე და ჟ. თ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს განჩინების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გ. კ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. კ-იამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-იას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში გ. კ-ია ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე წლის პირველი აგვისტოს განჩინების ძალაში დატოვების შესახებ, რომლითაც გაუქმდა სადავო უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებული ყადაღა, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხონის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განჩინების ძალაში დატოვების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული განჩინება საბოლოოა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც გ. კ-იას უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 25 ნოემბერს მიღებული განჩინება აღნიშნულ საკითხზე წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას და მისი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება დაუშვებელია.
დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული გ. კ-იას კერძო საჩივარი იმ ნაწილშიც, რომლითაც იგი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის პირველი აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვებაზე უარის თქმის შესახებ, რადგანაც ზემდგომი (სააპელაციო) სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად წარმოადგენს საბოლოო განჩინებას და იგი შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული გ. კ-იას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით, 419-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-იას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.