¹ას-22-377-07 23 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ნ-ე (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ნ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ნ-ის განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი განმცხადებლის წარმომადგენელმა ზ.ი-მა ჩაიბარა 2006 წლის 27 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა ამავე წლის 14 აგვისტოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ნ. ნ-ის წარმომადგენელ ზ.ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ნ-ის წარმომადგენელმა ზ. ი-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2006 წლის 27 ივლისს, ამავე წლის 14 აგვისტოს კი შეიტანა სააპელაციო საჩივარი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ზ.ი-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინება გამოტანილ იქნა მოსამართლე პ.ქ-ის მიერ, რომელმაც უკანონოდ არ დააკმაყოფილდა სხვა სამოქალაქო დავაში ნ.ნ-ის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გამოწერის შესახებ, რითაც დაარღვია მხარის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლით გარანტირებული უფლებები. გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, რითაც აპელანტს შესაძლებლობა არ მიეცა განეხორციელებინა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი, როდესაც ნ.ნ-ს თავისი ინიციატივით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ გაუგრძელა, ვინაიდან ზ.ი-მა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ზ.ი-ს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2006 წლის 27 ივლისს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების ასლი მან მიიღო ამავე წლის 29 ივლისს, ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მას არ დაურღვევია, ხოლო საფოსტო უწყებაზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია, რის გამოც სადავო ხელმოწერის ნამდვილობის საკითხის გასარკვევად საქმეზე უნდა დაინიშნოს კალიგრაფიული ექსპერტიზა. საქმის განმხილველმა პალატამ დაარღვია განჩინების მომზადების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების ასლი მხარეს გადაეცა მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ზ.ი-მა ჩაიბარა 2006 წლის 27 ივლისს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზ.ი-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 14 აგვისტოს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი ცალსახად ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას, მისი გაგრძელებისა (აღდგენის) შესაძლებლობას არ უშვებს.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, ზ.ი-ისის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის საპატიო მიზეზით გაშვების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს ინიციატივით აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან მითითებული ნორმის თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს მხოლოდ სასამართლოს მიერ და არა კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი და სასამართლო უფლებამოსილი არ იყო იგი გაეგრძელებინა.
დაუსაბუთებელია ზ.ი-ის მითითება, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2006 წლის არა 27, არამედ 29 ივლისს, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში ზ.ი-მა სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების მონაცემები ზ.ი-ის მიერ სასამართლო გზავნილის 2006 წლის 27 ივლისს ჩაბარების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება და სადავო გზავნილი მას ჩაბარდა 2006 წლის 29 ივლისს. ასევე გაზიარებული ვერ იქნება მხარის მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ უწყებაზე ზ. ი-ის ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლო მხარის მოთხოვნათა ფარგებლში იხილავს რა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებულობას, შეზღუდულია საპროცესო ფარგლებით და ექსპერტიზის დანიშვნის უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, ზემოთ მითითებული ნორმების მიხედვით, მხარე თავადაა ვალდებული ამტკიცოს სასამართლოსათვის სარწმუნო დოკუმენტის სიყალბე, რაც ზ.ი-ს არ განუხორციელებია.
ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. მითითებული ნორმის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. მხარის მოსაზრებით, მოსამართლე პ.ქ-ს არ უნდა მიეღო მონაწილეობა წარმოდგენილი საქმის განხილვაში, ვინაიდან მან სხვა სამოქალაქო დავაში არ დააკმაყოფილა ნ.ნ-ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. კერძო საჩივრის აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ცალსახად დადგენილია ის შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გარკვეული საქმის განხილვაში, თუმცა მოსამართლის მიერ მხარეებს შორის დავის განხილვა იმავე მხარეებს შორის სხვა დავის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნეული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.