Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-224-485-08 14 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს “ენერგო-პრო ჯორჯია” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-აძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართ ზიანის _ 1260 ლარის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2007 წლის 8 ივლისს ქ.წყალტუბოში მაღალიი ძაბვის კაბელის გადაბმის ადგილას დენმა მოუკლა ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ საქმეზე სათანადო ექსპერტიზა არ ჩატარებულა და სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრალი მომხდარში სათანადოდ არ დადასტურებულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.კეთილაძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1260 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ანაზღაურება, რაც სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 2007 წლის 25 დეკემბერს ჩაბარდა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელ ნ.სვანიძეს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ სახალხო ფოსტაში ჩააბარა 2008 წლის 9 იანვარს, რის გამოც მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 374-ე მუხლით და სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია. ფაქტობრივად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2008 წლის არა 9 იანვარს, როგორც ეს განჩინებაშია დაფიქსირებული, არამედ 3 იანვარს, რაც დასტურდება “სახალხო ფოსტის” რეესტრით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ სადავო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ჩაბარდა 2008 წლის 9 იანვარს. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 9 იანვარს სახალხო ფოსტისათვის სააპელაციო საჩივრის ჩაბარების შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვერ ჩაბარდებოდა. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, ვინაიდან პალატა არ აკონკრეტებს, კანონის კონკრეტულად რომელ ნორმებს გულისხმობს. ამასთან, გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელს, რა დროსაც სასამართლოს არ უმსჯელია, ჰქონდა თუ არა ამ უკანასკნელს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად, სასამართლო გზავნილი უნდა ჩაბარებოდა არა წარმომადგენელს, არამედ თავად მხარეს. სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტიელბა დღემდე არ ჩაბარებია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელ ნ.სვანიძეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა 2008 წლის 9 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, არ ჩაბარებია, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილი 2007 წლის 25 დეკემბერს აპელანტის სახელით ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა ნ.სვანიძემ.

სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ 2007 წლის 25 დეკემბერს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას თავად მხარისათვის მის ჩაბარებად არ მიიჩნევდა, ვინაიდან დასახელებული კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამდენად, აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება საკმარისი იყო თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ზემოხსენებული ვადა 2007 წლის 25 დეკემბრიდან სწორად აითვალა და დარღვეულად მართებულად ჩათვალა, რადგან სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 9 იანვარს, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სადავო სააპელაციო საჩივარი სახალხო ფოსტას ჩაბარდა 2008 წლის 3 იანვარს, ვინაიდან საფოსტო კონვერტზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა, არ არის დასმული მისი გამგზავნი საფოსტო განყოფილების ბეჭედი კონვერტის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღის მითითებით, რის საფუძველზეც სადავო გარემოება უნდა დადგენილიყო. საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს “სახალხო ფოტის” საფოსტო სამსახურის უფროსის მიერ გაცემულ წერილობით განმარტებას, რომ, საახალწლო სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მომატებული საქმის გამო, ქ.თბილისის საფოსტო განყოფილებას მექანიკურად გამორჩა კონვერტზე კალენდარული ბეჭდის დასმა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება, ისევე როგორც კერძო საჩივრის მითითება 2008 წლის 3 იანვარს სადავო გზავნილის საფოსტო კურიერისათვის გადაცემის შესახებ, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში ფოსტაში ჩაბარების დასადასტურებლად საკმარისი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.