¹ას-225-486-08 28 მაისი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – თ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ............, აჭარის ა/რ ........... (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კერჩო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2007 წლის 05 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის განჩინება
დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლები მხარეებს გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით.
2007 წლის 28 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ფოსტის მეშვეობით შემოვიდა ნ. ბ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2007 წლის 05 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საქმის მასალებით არ ირკვეოდა, თუ როდის ჩაბარდა ნ. ბ-ეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 05 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და საჩივარი კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში იყო თუ არა შემოტანილი სასამართლოში. კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეტანილი იყო კანონით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით და 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მიიღო წარმოებაში განსახილველად.
2007 წლის 18 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, სახალხო ფოსტიდან, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შემოვიდა მომართვა, რომლითაც ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 05 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, შეკვეთილი ¹....... წერილით გაგზავნილი მოქალაქე ნ. ბ-ის სახელზე, მისამართზე ქ. ბათუმი, ........... ქ. ¹27-ში, ადრესატს ჩაბარდა პირადად 2007 წლის 11 ნოემბერს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ 2006 წლის 18 დეკემბერს შემოსული საფოსტოს სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, პირადად, 2007 წლის 11 ნოემბერს, მას საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა ჰქონდა 2007 წლის 21 ნოემბრამდე, თუმცა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 24 ნოემბერს, ანუ სამი დღის ვადის დარღვევით, შესაბამისად საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდა ამ საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, რაც გახდა საფუძველი ნ. ბ-ის საჩივრის განუხილველად დატოვებისა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას 2007 წლის 05 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარდა პირადად 2007 წლის 11 ნოემბერს აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. სააპელაციო პალატა შეცდომაშია შეყვანილი სახალხო ფოსტიდან მიღებული არასწორი ინფორმაციის გამო.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მან კერძო საჩივარს დაურთო შეკვეთილი წერილის კონვერტის ასლი, რომლის დედანსაც წარმოადგენს დამატებით. მისი აზრით აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახალხო ფოსტის ბათუმის განყოფილებიდან შტამპის შესაბამისად გზავნილი ვერ გამოვიდოდა 2007 წლის 15 ნოემბერზე ადრე. შესაბამისად დაუსაბუთებელია მსჯელობა და ასეთი ბუნებაშიც ვერ იქნებოდა, რომ მას გზავნილი ჩაბარებოდა 2007 წლის 11 ნოემბერს. დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ კანონის შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2007 წლის 25 ნოემბერი. საჩივარი კი ფოსტის განყოფილება ჩატარდა 24 ნოემბერს, შესაბამისად საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში და არ არსებობს მისი განუხილვლად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, უცვლელად იქნა დატოვებული ამავე პალატის 2007 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2007 წლის 05 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ნ. ბ-ზე გასაგზავნად ჩაბარდა 2007 წლის 12 ნოემბერს (ს.ფ.132), შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველგვარ რეალობას მოკლებულია და შეუძლებელია გაიზიარო სახალხო ფოსტის ქუთაისის ფილიალის საფოსტო სამსახურის უფროსის მიმართვა, რომ სასამართლოს მიერ 2007 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილი შეკვეთილი წერილი ¹....... ნ. ბ-ეს პირადად ჩაბარდა 2007 წლის 11 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლოს ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მიაჩნია, რომ გაურკვეველია მხარისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას უფლება არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით განსაზღვრული წესის მიხედვით დადგენილად ჩაეთვალა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 284-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.