Facebook Twitter

ას-228-562-07 20 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ჯ. ღ-ა და ა. დ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ვ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ სესხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. ვ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ჯ. ღ-სა და ა. დ-ის მიმართ და მოითხოვა ვალის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. დ-სა და ჯ. ღ-ს ბ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის გადახდა 3000 აშშ დოლარის და 57 თვის პროცენტი - 6840 აშშ დოლარი, სულ 9840 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ღ-მ და ა. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად; ამავე პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით ჯ. ღ-სა და ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ჯ. ღ-მ და ა. დ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მატერიალური მდგომარეობა, ისე დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი. მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი იმის გამო, რომ განიცდიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ჯ. ღ-სა და ა. დ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჯ. ღ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ჯ. ღ-სა და ა. დ-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 124-125). აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ ჯ. ღ-ს, ა. დ-სა და მის წარმომადგენელს ს.ფ-ს (ს.ფ. 126-128), რაც კერძო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2007 წლის 31 მარტს (ს.ფ. 129-130). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 10 აპრილის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ჯ. ღ-სა და ა. დ-ს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. ღ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ღ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.