¹ას-231-556-09 28 მაისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს «უ.’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – «ბ. მ.» კომპანია (მოპასუხე)
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «უ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, «ბ. მ.» კომპანიას შპს «უ.” სასარგებლოდ დაეკისრა 330209 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «უ.”.
«ბ. მ.» კომპანიამ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაცაო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით «ბ. მ.» კომპანიის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა «ბ. მ.» კომპანიამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით «ბ. მ.» კომპანიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოში შპს «უ.” საქმის განხილვისას «ბ. მ.» მილსადენის კომპანიამ შუამდგომლობა შეიტანა და მოითხოვა აღნიშნული საქმის შეჩერება შემდეგი საფუძვლით: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგია განიხილავს «ბ. მ.» კომპანიის სარჩელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოსა და საჯარო რეესტრის მიმართ, მესამე პირები შპს «უ.” და შპს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა”, აღნიშნული სარჩელის მოთხოვნაა 2001 წლის 7 ნოემბერს შპს «უ.” და გარდაბნის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების, როგორც ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა, რადგან ის უკანონოა და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელია და უნდა შეჩერდეს შპს «უ.” მიერ სახელმწიფო მიწით სარგებლობის კანონიერების საკითხის გარკვევამდე, რასაც ამჟამად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «უ.”. მან მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი ისეთი ფაქტია, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით, სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში იგივე პირები, მოსარჩელე და მოპასუხე, ან იგივე მესამე პირი მონაწილეობს. თუ ერთ-ერთი მხარე მაინც სხვა პირია, გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პრეიუდიციული ძალა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები ვერ დაედება საფუძვლად სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას. განსხვავებით სააპელაციო სასამართლოში მონაწილე მხარეებისა, ადმინისტრაციულ კოლეგიაში ამ ორი მხარის გარდა, მონაწილეობს ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო, როგორც მოპასუხე და როგორც მესამე პირი _ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, შპს «უ.” კი, მოპასუხეა და არა მესამე პირი, როგორც ეს მითითებულია განჩინებაში. სასამართლომ არ განსაზღვრა ზუსტად, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ იხილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს «უ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება შპს «უ.” მიერ სახელმწიფო მიწით სარგებლობის კანონიერების საკითხი, კერძოდ, «ბ. მ.» კომპანიის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოსა და საჯარო რეესტრის მიმართ, მესამე პირები არიან შპს «უ.” და შპს «ნ. და გ. კ.”, დავის საგანს წარმოადგენს 2001 წლის 7 ნოემბერს შპს «უ.” და გარდაბნის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეში მონაწილე მხარეების გარდა, ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიაში მონაწილეობენ სხვა მხარეები, ამის გამო დაუშვებელია საქმის წარმოების შეჩერება, კერძოდ, ადმინისტარიულ საქმეთა კოლეგიაში მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო, როგორც მოპასუხე და მესამე პირი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ამ მხარეების გარდა სხვა მხარეების მონაწილეობა, არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების შეჩერების დამაბრკოლებელი გარემოება. მოცემულ საქმეებზე მონაწილეობენ იგივე მხარეები. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოცემულ საქმეში მონაწილე მხარეების გარდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მონაწილეობას, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეჩერების შეუძლებლობის განმსაზღვრელ პირობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს მოცემული საქმის უკანონო შეჩერებად.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საფუძვლიანია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «უ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.