ას-235-569-07 4 ივნისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ზუგდიდის რაიკავშირის .. .., თ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიკავშირის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-სა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახურის მიმართ საკადასტრო რუქაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
გ.ხ-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მისი კუთვნილი კიბის უჯრედიდან თ. გ-ს გამოსახლება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია მის საკუთრებად, თ.გ-ა კი მას თავისი ნებით არ ათავისუფლებს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაც გ.ხ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა სააპელაციო საჩივარის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის განჩინება გ.ხ-ს ჩაბარდა 2007 წლის 15 იანვარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით გ.ხ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.ხ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გ.ხ-მ გამოასწორა მითითებულ ვადაში _ 2007 წლის 17 იანვარს, რა დროსაც მხარემ სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი გადაიხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გ.ხ-ს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა სააპელაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა.
საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით ირკვევა, რომ გ.ხ-ს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 15 იანვარს, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმადგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების საფუძველად ვერ მიიჩნევა საქმის მასალებში წარმოდგენილი ფაქსით მიღებული გ.ხ-ს 2007 წლის 21 თებერვლის განცხადება და თანდართული სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა რა 2007 წლის 17 იანვარს, სასამართლოს გადახდის ქვითრები ფაქსით გაუგზავნა ამავე წლის 21 თებერვალს, ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდგომ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ.ხ-ს დაავალა სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და მხოლოდ ამის შემდეგ სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი ოდენობის გადახდა, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან გამომდინარე, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, გ.ხ-ს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2007 წლის 22 იანვრამდე და ამ ვადის შემდგომ წარდგენილი დოკუმენტები უნდა დარჩეს განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებლად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და გ.ხ-ს სააპელაციო საჩივარი კანონიერად დატოვა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ხ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.