ას-236-561-09 23 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. და ნ. კ-შვილები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ფონდი “კ.-ა” (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფონდი „კ.-ს“ წარმომადგენელმა მ. ჯ-ავამ 2007 წლის 29 მარტს დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და განმარტა, რომ 2006 წლის 16 ივნისს ფონდ „კ.-ს“ ძირითად ფილიალსა და გადამხდელთა ჯგუფ „...“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის წევრებიც არიან ი. მ-ანი, ნ. კ-შვილი, ი. კ-შვილი და ი. გ-ოვი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, აგერთვე, ამავე ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გაიცა სესხი 20 000 ლარი 56 კვირის ვადით თვიურად 2%-ის დარიცხვით. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია თავდებობის ... ხელშეკრულებით გაფორმებული ფონდ “კ.-ს” ძირითად ფილიალსა და მ. კ-შვილს შორის. თავდები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის I ნაწილის, 895-ე მუხლისა და, ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად კისრულობს პასუხისმგებლობას მსესხებლებთან ერთად კრედიტორის წინაშე, რადგან მოპასუხეებმა დაარღვიეს გადახდის გრაფიკი. ფონდ კ.-ს ხელშეკრულების 5.2 მუხლის საფუძველზე უფლება წარმოეშვა, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება. განცხადების შემოტანის მომენტისათვის მოვალეებს გადასახდელი დარჩათ სესხის ძირითადი თანხა 9285,65 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტი 2543,70 ლარი, პირგასამტეხლო 122,93 ლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 11952,28 ლარს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განმცხადებელმა მოითხოვა მოპასუხეებს - ი. მ-ანს, ნ. კ-შვილს, ი. კ-შვილს, ი. გ-ოვს და მ. კ-შვილს სოლიდარულად დაეკისროთ ფონდ „კ.-ს“ სასარგებლოდ 11952,28 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 358,57 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 207 წლის 16 აპრილის გადახდის ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს - ი. მ-ანს, ნ. კ-შვილს, ი. კ-შვილს, ი. გ-ოვს და მ. კ-შვილს ფონდ „კ.-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11952,28 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 358,57 ლარის გადახდა.
გადახდის ბრძანება ნ. და ი. კ-შვილებს ჩაჰბარდათ 2007 წლის 23 აპრილს, კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში მოპასუხეებმა ი. და ნ. კ-შვილებმა შემოიტანეს შესაგებელი გადახდის ბრძანების წინააღმდეგ, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით, გადახდის ბრძანება გაუქმდა და ფონდი „კ.-ს“ აღძრული მოთხოვნის განხილვა გაგრძელდა სასარჩელო წარმოების წესით.
2007 წლის 20 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ფონდი „კ.-ს“ წარმომადგენელმა მ. ჯ-ავამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში და, ნაცვლად 9285 ლარის და 65 თეთრისა, მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდათ 9 276 ლარი და 42 თეთრი. პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა დატოვა უცვლელად.
მოპასუხეებმა ი. და ნ. კ-შვილებმა სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ ფონდ „კ.-ს“ გადაუხადეს 13 725 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა განახორციელა ჯგუფის ხაზინადარმა ი. მ-ანმა, რაც დასტურდება ი. მ-ანის ნოტარიალურად დამოწმებული განმარტებით, შესაბამისად, მათ 11 943 ლარისა და 05 თეთრის ფონდ „კ.-ს“ სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება სოლიდარულად არ უნდა დაეკისროთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფონდი “კ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - ი. მ-ანს, ნ. კ-შვილს, ი. კ-შვილს, ი. გ-ოვსა და მ. კ-შვილს ფონდ “კ.-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 11 943 ლარისა და 5 თეთრის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ნ. კ-შვილებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. და ნ. კ-შვილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება ფონდ “კ.-ს” სასარგებლოდ ნ. და ი. კ-შვილებისთვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში, ფონდ “კ.-ს” სარჩელი ნ. და ი. კ-შვილებისთვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ფონდმა “კ.-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინებით ფონდ “კ.-ს” საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით ი. და ნ. კ-შვილების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. და ნ. კ-შვილებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ მოცემული კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორებს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდათ 2009 წლის 20 თებერვალს (ს.ფ. 230-231), ხოლო მათ აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს 2009 წლის 9 მარტს (ს.ფ.232-233). განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2009 წლის 4 მარტს, ე.ი. კერძო საჩივარი შეტანილია 5 დღის დაგვიანებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეტანილია კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 - დღიანი ვადის დარღვევით, რის გმოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. და ი. კ-შვილების კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.