საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№102აპ-17 ქ. თბილისი
ჩ-ი ს, 102აპ-17 12 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით:
ს. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე. ს. ჩ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2015 წლის 3 ოქტომბრიდან 2016 წლის 24 ივნისამდე - გათვალისწინებით, სრულად გათავისუფლდა მისი მოხდისაგან. ს. ჩ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნ. ნ-ე, , ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ნ. ნ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
რ. კ-ი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებაში. რ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. ს. ჩ-ს, ნ. ნ-ესა და რ. კ-ს ბრალად ედებოდათ შემდეგი დანაშაულის ჩადენა:
ნ. ნ-ემ, ს. ჩ-მა და რ. კ-მა განიზრახეს პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. განზრახვის განსახორციელებლად 2015 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნ. ნ-ე, ს. ჩ-ი და რ. კ-ი მივიდნენ ქ-ის რაიონის, სოფ. კ-ში მდებარე შპს „ქ-ის“ სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის პოლიციელ თ. მ-ს, გამოიყვანეს დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და დანის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზინება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია ს. ჩ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას: ნ. ნ-ისა და რ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ს. ჩ-ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სამართლიანი, კანონიერი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მითითებით, დაზარალებულ თ. მ-ის, როგორც დაცვის პოლიციელის, მოვალეობაში შედიოდა ქ-ში მდებარე შპს „წ-ის“ ტერიტორიის დაცვა და არასამსახურებრივი დანიშნულების უცხო პირთა შესვლის შემთხვევაში სპეციალურად დაცული ტერიტორიიდან მათი გაყვანის უზრუნველყოფა. ს. ჩ-ი ტერიტორიას თავისი ფეხით დატოვებდა, თუ დაზარალებული თ. მ-ი ავტომანქანით გამოიყვანდა, აღნიშნული გარემოება არ არის დაკავშირებული წარდგენილ ბრალდებასთან.
7. კასატორის მითითებით, დადგენილი გარემოებაა, რომ წყალსადენის ტერიტორია წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას და ღობის სიგრძესა და სიგანეს მნიშვნელობა არ აქვს. გაუგებარია, თუკი სასამართლო ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას, მაშინ რატომ არ იზიარებას მას სხვა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში. გაუგებარია, ასევე თუ სასამართლო რატომ არ იზიარებს, რომ თ. მ-ს შემთხვევის დროს ეცვა სამსახურებრივი ფორმა. თ. მ-ი და ზ. ჯ-ე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ეცვათ შესაბამისი ფორმა. სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს, ნ. ნ-ე და რ. კ-ი საერთოდ არ მონაწილეობდნენ აღნიშნულ ინციდენტში და არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაბუთებულია, თუ რატომ არ გაიზიარა დაზარალებულ თ. მ-ის ჩვენება ს. ჩ-ის, რ. კ-ისა და ნ. ნ-ის მასზე თავდასხმის ნაწილში. გადაწყვეტილებაში აგრეთვე მითითებულია ზ. ჯ-ის ჩვენების არასარწმუნოდ მიჩნევის მოტივაციაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ყოველი სახის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ ს. ჩ-ს, ნ. ნ-ესა და რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამასთან, სხდომაზე გამოკვლელული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა სწორად მიიჩნევს ს. ჩ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლი) საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე