საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-240-501-08 21 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-აძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ოვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-აძის მიმართ სესხისა და პროცენტის, სულ _ 4603 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2000 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 8 წლით, რომლის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3280 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ზ. მ-აძის კუთვნილი ქ.გორში, აღმაშენებლის ქ.¹172\3-ში მდებარე ბინა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ძირითადი თანხის გარდა, დამატებით უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 1,5%-ის გადახდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 4603 აშშ დოლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა ზ. მ-აძემ.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ.მაისურაძის საჩივარს უარი ეთქვა საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო თ. ხ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ. მ-აძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. მ-აძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-აძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. საქმის მასალებში წარმოდგენილი გორის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში მითითებულ მისამართზე ზ.მაისურაძე არ ცხოვრობდა და, ვინაიდან აპელანტს თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ გზავნილი 2004 წლის 4 დეკემბერს ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ-აძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველი ზ.მაისურაძის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარადგინა ჯერ კიდევ გორის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანისას. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ზ.მაისურაძეს არ ჩაბარებია. როგორც მოგვიანებით მხარისათვის გახდა ცნობილი, აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა ალექსანდრე თავბერიძეს, რომელსაც აპელანტი საერთოდ არ იცნობდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-აძეს მიეცა 10 დღის ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა. საქმის მასალებში წარმოდგენილი გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რ.ზერეკიძის მიერ გაცემული 2004 წლის 6 დეკემბრის ¹40/2743 ცნობითა და 2004 წლის 4 დეკემბრის ოქმით ირკვევა, რომ საქმეში არსებულ მისამართზე ზ.მაისურაძე არ იმყოფებოდა და სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მეზობელ ალექსანდრე თავბერიძეს ზ.მაისურაძისათვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, ზ.მაისურაძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-აძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ზ.მაისურაძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება აპელანტისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან და, თუ სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მხარე ხარვეზს არ გამოასწორებს, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ ზ.მაისურაძეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე პირადად არ ჩაბარებია საცხოვრებელ ადგილზე არყოფნის გამო, სასამართლო გზავნილი ადრესატისათვის გადასაცემად ჩაბარდა მის მეზობელ ალ.თავბერიძეს. საქმეში წარმოდგენილი აპელანტის მეზობლებისა და თავად ზ.მაისურაძის განმარტებების შესაბამისად, ალექსანდრე თავბერიძე აპელანტის მეზობლად არ ცხოვრობს, არამედ დროდადრო მიდის სტუმრად ზ.მაისურაძის მეზობელთან.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 27 ოქტომბრის განჩინება ალექსანდრე თავბერიძის სახით ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაეგზავნება საქმეში არსებულ მისამართზე და იგი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და თავისი ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
მოცემულ შემთხვევაში გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რ.ზერეკიძის მიერ გაცემული 2004 წლის 6 დეკემბრის ¹40/2743 ცნობისა და 2004 წლის 4 დეკემბრის ოქმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.მაისურაძემ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დასახელებულ დოკუმენტებს ვინაიდან მათი შინაარსიდან ირკვევა, რომ ადრესატი ზ.მაისურაძე სასამართლო გზავნილის მიტანისას ადგილზე არ იმყოფებოდა და სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მეზობელ ალ.თავბერიძეს. რაც შეეხება ადრესატის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, აღნიშნული სახის ინფორმაციას ზემოხსენებული ცნობა და ოქმი არ შეიცავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. მ-აძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.