Facebook Twitter

¹ას-241-502-08 14 მაისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ა-ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “ს-ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 29 დეკემბერს სსიპ ,,ს-მა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,ა-ის“ მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ,,ტ-ას” (რომლის სამართალმემკვიდრე ამჟამად არის სსიპ ,,ს-ი”) და ,,ე-ს” შორის (ამჟამად ამ ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე არის შპს ,,ა-ი”) 2002 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ¹286 ხლშეკრულება, რომელიც ატარებდა ბარტერულ ხასიათს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 16000 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული თანხის ფარგლებში, ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტის თანახმად მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ,,ტ-ა” ავიაბილეთებით ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ და მომავალში დამატებულ მის კუთვნილ რეისებზე. თავის მხრივ, ,,ტ-ას” მოპასუხისათვის უნდა დაეთმო 16000 აშშ დოლარის ღირებულების სარეკლამო დრო ამ უკანსკნელის მიერ მიწოდებული სარეკლამო კლიპების გასავრცელებლად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს დავალიანების ოდენობის შესადარებლად შედარების აქტის გაფორმების თაობაზე. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2003 წლის ივლისის თვეში მოპასუხეს გაუწია 1557 აშს დოლარის ღირებულების მომსახურება, შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1557 აშს დოლარის დაკისრება სსიპ ,,ს-ის” სასარგებოდ.

2007 წლის 27 ივნისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს ,,ა-ი”, სასამართლომ მისი პროცესზე გამოუცხადებლობა ჩათვალა არასაპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სსიპ ,,ს-ის“ სარჩელი.

2007 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ა-მა” თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საჩივრით და მოითხოვა 2007 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შ.პ.ს “ა-ის” საჩივრით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ამავე სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ის”, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს, შპს ,,ა-ს”, ჩაბარდა 2007 წლის 16 ნოემბერს. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 17 ნოემბრიდან. აღნიშნული ვადა იწურებოდა 2007 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2007 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი შპს ,,ა-ის” მიერ შეტანილი იქნა 2007 წლის 3 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც პალატის აზრით სააპელაციო საჩივრის განუხილელად დატოვების საფუძველია.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში შპს ,,ა-მა”.

მისი განმარტებით მას გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა არა 16 ნოემბერს, არამედ 17 ნოემბერს.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, მას განჩინება რომც ჩაბარებოდა 16 ნოემბრს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მომდევნო დღიდან 17 ნოემბრიდან და ამ შემთხვევაში მე-14 დღე უწევდა 1 დეკემბერი. პირველი დეკემბერი კი იყო შაბათი _ არასამუშაო Dდღე, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო Dდღემდე ანუ 3 დეკემბრამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო შპს ,,ა-ის” კერძო საჩივარს და თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად შპს ,,ა-ის” მიერ 2007 წლის 3 დეკემბერს სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე,

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2007 წლის 16 ნოემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-ის” მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვერულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვადის დენა დაიწყო 17 ნოემბრიდან, ვინაიდან მხარეს განჩინება ჩაბარდა 16 ნოემბერს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 30 ნოემბერს და არა 1 დეკემბერს, როგორც ეს კერძო საჩივარშია მითითებული. ვადის ათვლისას მხედველობაში მიიღება და გასაანგარიშებელ ვადაში ჩაითვლება 17 ნოემბერიც, რისი გათვალისწინებითაც მე-14 დღე უწევდა 30 ნოემბერს.

რაც შეეხება შპს ,,ა-ის” დირექტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას უწყება პირადად ჩაბარდა 17 ნოემბერს და შესაბამისად არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ საქმეში მხარეს წარმოადგენს იურიდიული პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და არა ფიზიკური პირი გ. კ-ა შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად შპს ,,ა-ს” თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 16 ნოემბერს, რაც ხელმოწერილია და დამოწმებულია შპს ,,ა-ის” ბეჭდით. (ს.ფ.83). ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შპს ,,ა-მა” დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან მან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად საპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი შპს ,,ა-ის” სააპელაციო საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.