ას-242-573-07 10 მაისი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს «ს.-ა»
მოწინააღმდეგე მხარე – ჩ.-ა ვ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 8 ნოემბერს ვ. ჩ.-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების, შპს «ს.-ისა» და შპს «ს.-ის» წარმომადგენლობა სამტრედიის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის -11 002 აშშ დოლარის, გაწეული სასამართლო ხარჯების _ 1200 აშშ დოლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 750 აშშ დოლარის, სულ 12952 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1990 წელს სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა მისი პირადი ნივთები, რომლის ღირებულება არ აუნაზღაურებიათ, რამაც დღესდღეობით შეადგინა 11 002 აშშ დოლარი.
მოპასუხე «ს.-მ» სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ 1993 წლის 11 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე წლის 27 ივნისს მათი მხრიდან სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით მოიხსნა მოსარჩელისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხა და ჩაირიცხა სასამართლო აღმასრულებლის სადეპოზიტო ანგარიშზე, რითაც დასტურდებოდა მათი მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ჩ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს.-ს» და შპს «ს.-ის» წარმომადგენლობა სამტრედიის ტერიტორიულ სამმართველოს ვ. ჩ.-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 11 002 აშშ დოლარის, ასევე წარმომადგენლის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, სადავო საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ, 440 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს.-მ» და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2007 წლის 23 თებერვალს შპს «ს.-ის» წარმომადგენელმა ჯ. ტ.-მ წარმოადგინა შენიშვნები სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმზე, მასში სხდომის დაწყებისა და დამთავრების დროის არასწორად დაფიქსირების თაობაზე და მოითხოვა შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ს.-ის» წარმომადგენელმა ვ. გ.-მა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს «ს.-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლოს ევალება შეატყობინოს მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. თუ მხარეებს გაეგზავნათ უწყება კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ისინი არ გამოცხადდებიან სასამართლო სხდომაზე, სასამართლო უფლებამოსილია, რომ განუხილველად დატოვოს სარჩელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 16-23), თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს «ს.-ის» წარმომადგენელი ჯ. ტ.-ე სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადდა, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს.-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.