საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-24-309-08 10 აპრილი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-აძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 21 ოქტომბერს თ. ს-აძემ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს თამაზ გოგინაიშვილის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა და “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის საფუძველზე მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ს-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა თ. ს-აძის წარმომადგენელმა ნინო თურქაძემ და მისი გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ მის სახელზე არ გაგზავნა უწყება ზესტაფონის ადვოკატურაში, ამასთან, თ. ს-აძის წარმომადგენელი ომარ სხილაძე ავად იყო და სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით თ. ს-აძის წარმომადგენელ ნინო თურქაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2007 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება თინა და ომარ სხილაძეების წარმომადგენელმა ნინო თურქაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელნტმა გასაჩივრებული განჩინებისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით ნინო თურქაძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი, რადგანაც ომარ სხილაძე არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
2007 წლის 20 ივნისს ომარ და თ. ს-აძეების წარმომადგენელმა ნინო თურქაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკორების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ომარ სხილაძე თ. ს-აძის წარმომადგენელი იყო, რომელსაც მხარეებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება გააჩნდა, თავად კი - ომარ სხილაძის წარმომადგენელი და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუბრუნდა. საკასაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ომარ სხილაძე სანოტარო აქტის საფუძველზე იყო თ. ს-აძის წარმომადგენელი და ადვოკატ ნინო თურქაძის მარწმუნებელი, რომელიც უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ომარ სხილაძის წარმომადგენელ ნინო თურქაძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ომარ სხილაძე არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. მართალია, იგი მინდობილობის საფუძველზე იყო თ. ს-აძის წარმომადგენელი და ნინო თურქაძის მარწმუნებელი, მაგრამ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მიხედვით, პირებს, რომლებიც არ არიან ადვოკატები, შეზღუდული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ომარ სხილაძეს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა. ამასთან, სანოტარო აქტის მიხედვით, იგი, როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც თ. ს-აძის წარმომადგენელი, ანიჭებდა რწმუნებულებას ნინო თურქაძეს.
იმავე პალატის 2007 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ. ს-აძის წარმომადგენელ ნინო თურქაძეს მარწმუნებლის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა დაევლა.
2008 წლის 9 იანვარს თ. ს-აძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა. მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ოქტომბრის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე განიხილა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მიიჩნია, რომ ომარ სხილაძეს შეეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანა, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა საჩივარი განუხილველად იმავე საფუძვლით დაეტოვებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამრეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. ს-აძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თ. ს-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენელს სააპელაციო საჩივრის შეტანა მხარის ან მესამე პირის სახელით შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა ნინო თურქაძეს, როგორც ომარ და თ. ს-აძეების წარმომადგენელს. როგორც საქმიდან ირკვევა, ომარ სხილაძე არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. იგი მინდობილობის საფუძველზე იყო თ. ს-აძის წარმომადგენელი და ნინო თურქაძის მარწმუნებელი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ომარ სხილაძის მიერ ნინო თურქაძეზე გაცემულ მინდობილობას და მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული სანოტარო აქტით ომარ სხილაძე ადვოკატს, როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც თ. ს-აძის წარმომადგენელი, ანიჭებდა რწმუნებულებას. მხარეს მოცემულ დავაზე მხოლოდ თ. ს-აძე წარმოადგენდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ომარ სხილაძის წარმომადგენელ ნინო თურქაძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა. ვინაიდან ომარ სხილაძე არ წარმოადგენდა მხარეს ან მესამე პირს დამოუკიდებელი საარჩელო მოთხოვნით, მას არ შეეძლო გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, ნინო თურქაძე არ იყო უფლებამოსილი მისი სახელით შეესრულებინა აღნიშნული საპროცესო მოქმედება. რაც შეეხება მხარის – თ. ს-აძის სახელით შეტანილ სააპელაციო საჩივარს, სასამართლომ იმსჯელა მისი დასაშვებობის საკითხზე და ხარვეზის შესავსებად ვადა განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 364-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ს-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.