ას-244-575-07 31 მაისი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. გ-ა(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _დ. ა-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამკვიდროდან წილის მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ. ა-მ. სარჩელში მიუთითა, რომ მშობლების ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მიეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო კომლს, სადაც ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, და დ. ა-ა ცხოვრობდა ქ.ფოთში ოჯახთან ერთად. მამა ნ. ა-ა გარდაიცვალა 1995 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრობდა კომლში მამის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. მემკვიდრეობა ქონების ნახევარზე, რადგან ოჯახში დედასთან ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას მიღებული აქვს სამკვიდროს ნახევარი, მეორე ნახევარი მიიღო დედამისმა. დედამ ლ. ა-მ მიუხედავად ამისა ანდერძით მთელი ქონება უანდერძა დ. ა-ს. მას ეკუთვნის სამკვიდროდან სავალდებულო წილი, რასაც ემატება მამის სამკივდრო, იგი ითხოვდა 11338 ლარის ღირებულების ქონებიდან 8227 ლარის ღირებულების ქონების ნატურით მიკუთვნებას.
ამ საქმეზე თავდაპირველი მოპასუხე ლ. ა-ა გარდაიცვალა 2004 წლის 24 მარტს, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმიდან გასული პირის ლ. ა-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ. ა-ა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ა-ს მიეკუთვნა დედამისის ლ. ა-ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი, რაც შეადგენს ლ. ა-ს სამკვიდროს 1/2 წილის სამკვიდროს მეორე ნახევარი მიეკუთვნა ანდერძით მემკვიდრე დ. ა-ს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ა-ს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჯ. ა-ა გარდაიცვალა 2006 წლის 4 აპრილს. მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მეუღლე ლ. გ-ა.
მოსარჩელე ლ. გ-მ განმარტა, რომ 1995 წლიდან იმყოფება ფაქტიურ ქორწინებაში აწ გარდაცვლილ ჯ. ა-თან. ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 2001 წლის 29 ოქტომბერს და ამდენად არის ჯ. ა-ს მემკვიდრე. ჯ. ა-ს მამის ნ. ა-ს გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა მემკვიდრეობა ქონების ნახევარზე, რადგან ჯ. ა-ა დედასთან ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. ჯ. ა-ს მიღებული აქვს სამკვიდროს ნახევარი. მეორე ნახევარი მიიღო დედამისმა აწ/გარდაცვლილმა ლ. ა-მ, რომელმაც ანდერძით მთელი ქონება უანდერძა დ. ა-ს. ჯ. ა-ს ეკუთვნვოდა სავალდებულო წილი, რასაც ემატება მამამისის სამკვიდრო და ამდენად ითხოვს 11338 ლარის ღირებულების ქონებიდა 8327 ლარის ღირებულების ქონების ნატურით მასზე მიკუთვნებას.
მოპასუხე დ. ა-მ სარჩელი არ სცნო, განმარტა, რომ სამკვიდროს მას მიღებული აქვს ანდერძის საფუძველზე მთლიანად და ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მანვე განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ღირებულება ფაქტიურად შეადგენს 8100 ლარს და წარმოადგინა აუდიტორული ფირმა „დ...ს“ აუდიტორული დასკვნა. ასევე განმარტა, რომ ჯ. ა-ს დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები 1625 ლარის ოდენობით გადაიხადა თვითონ და ჯ. ა-ს ბიძაშვილის ი. ა-ს მიერ დატოვებული 500 აშშ დოლარი ამ თანხაში არ შედის. ამასთან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ა-ა და ლ. გ-ა გამოსახლებული იქნენ ლ. ა-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან. მას უნდა ჩაეთვალოს დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ლ. გ-ზე წილის მიკუთვნების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სამკვიდრო ქონების ღირებულება შეადგენს 8100 ლარს და ამის შესაბამისად ლ. გ-ს სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სამკვიდრო ქონების ნახევრის ნახევარი, ხოლო ლ. გ-ს სამკვიდრო ქონებიდან ნატურით წილის გამოყოფაზე უარი უნდა ეთქვას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა. ლ. გ-ს მიეკუთვნა აწ/გარდაცვლილი ლ. ა-ს სამკვიდრო ქონებიდან ჯ. ა-ს სავალდებულო წილი ფულადი თანხით, სამკვიდრო ქონების ნახევრის ნახევარი-2834ლარი.
ზუგდიდის რაიონულის სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა ლ. გ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის თაობაზე დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-მ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას 2006 წლის 21 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ სახ. ბაჟის გადახდა, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 86 ლარსა და 02 თეთრს. იგი აღნიშნავს, რომ თანხა მის მიერ იქნა ჩარიცხული განჩინებით მითითებულ ანგარიშზე, განჩინებაში მითითებულ ვადაში და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 15 დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ს.ფ. 168-169).
ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტს, რაც 2006 წლის 5 აგვისტოს ჩაბარდა (ს.ფ. 171).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (ს.ფ. 174-176).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ მის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ვინაიდან ლ. გ-მ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა კერძო საჩივართან ერთად და არ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. გ-ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.