საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ა. კ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოპასუხეების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ღირსების შებღალვის გამო მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ 1000000 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლიდან იცავს 38 ფიზიკური პირის ინტერესებს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მომსახურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული, შემდეგ კი სასამართლო წესით, დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდა რიგ სასამართლო დავებზე, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, როგორც თავად მოსარჩელის, ასევე, მისი მარწმუნებლის მიერ, მათ დღემდე არ ჩაბარებიათ მესაკუთრის მოწმობები.
აღნიშნული გარემოების გამო მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეჭვქვეშ დადგა მისი სამსახურებრივი რეპუტაცია და ღირსება მოსარჩელეების მარწმუნებლის თვალში, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებული 1000000 ლარის გადახდა საქმიანი რეპუტაციისა და ღირსების შელახვის გამო.
მოპასუხემ – ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ შეპასუხებაში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა ა. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
მოპასუხე მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმარველოს არ განუხორციელებია ღონისძიებები, რომლებიც მოსარჩელის საქმიან რეპუტაციას შელახავდა და ღირსებას შებღალავდა.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ა. კ.-ემ 1999წ. 11 მაისს დაბა ... ...-ის დასახლებაში მცხოვრებ 38 ფიზიკურ პირთან გააფორმა ხელშეკრულება საკონსულტაციო დაცვით მომსახურებაზე, დაბა ... ...-ის დასახლებაში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა ჯგუფის მოთხოვნა მათთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა და დამაგრება. ოზურგეთის რაიონის გამგეობამ თავისი 2000წ. 7 ნოემბრის 3115 დადგენილებით თითოეულ კომლზე გასაცემი ნორმა დაამტკიცა 1000 კვ.მ. ოდენობით, ხოლო, რეფორმის ფონდში მონაცვლეობის წესით შეტანილი 6 ჰა. მიწის ნაკვეთი 2001წ. 6 მარტის კენჭისყრის საფუძველზე გადაანაწილა დაბა ... საკრებულომ, ადგილობრივი რეფორმის კომისიასთან ერთად; ამასთან, დაბა ... რამოდენიმე მაცხოვრებელს წარმოეშვათ დავა მიწის განაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაწყდა მხარეთა მორიგების გზით. ხოლო დაბა ... ...-ის დასახლების მაცხოვრებლებს, რომლებთანაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ა. კ.-ს, არ ჰქონდათ დაბრკოლება ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართევლოში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რამდენადაც მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნა 2001წ. მარტი-აპრილის თვეებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის განმარტებით, მათ არ გააჩნიათ ვალდებულება მოსარჩელე ა. კ.-ის მიმართ, რამდენადაც საკუთრების უფლებით ნაკვეთის რეგისტრაცია არ წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციისა და ღირსების შელახვას, ან მორალური კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველს.
მოპასუხე სახელმწიფო მიწის მართვის სამმართველომ მხარი დაუჭირა ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელს და მოითხოვა ა. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთაA შემდეგნაირად:
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომ მოპასუხეებმა ა. კ.-ის მიმართ გაავრცელეს ცნობები, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას, რომ ა. კ.-მ დაარღვია კანონი და მორალური ნორმების დარღვევა, უღირსი საქციელის ჩაიდინა, ხოლო, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობების გავრცელებაში იგულისხმება ასეთი ცნობების გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიაში, რადიოთი, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ცნობების გადმოცემა საჯარო განცხადებაში, ხოლო, საქმის მასალებით არ იქნა დადასტურებული, რომ მოპასუხეების მიერ გავრცელებული იქნა ცნობები, რომლებიც შელახავდა ა. კ.-ის ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს, მაშინ, როცა სსკ-ის 201-ე მუხლი აღნიშნულს ითვალისწინებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ.-მ, რომლითაც მოითხოვა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის 1-ლი და მე-2 აბზაცი ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს.
კასატორის განმარტებით, საჯარო მოსამსახურის საქმიანობა ზიანს არ უნდა აყენებდეს მოქალაქეს, ხოლო, საქმის მასალებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს არაერთხელ დადასტურდა, რომ საჯარო მოხელეები სჩადიან ისეთ ქმედებებს წლების განმავლობაში, რაც ლახავს კასატორის პატივსა და ღირსებას, რის გამოც მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია მოითხოვოს 1000000 ლარი მიწის მართვის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრისაგან.
წარმოდგენილ შეპასუხებაში მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რამდენადაც კასატორს არ აქვს მითითებული არცერთი სამართლებრივი ნორმა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე თვლის, რომ გაუგებარია თუ რის საფუძველზე ითხოვს კასატორი თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას I ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, სკ-ის მე-18 მუხლი, რომლის შესაბამისად ა. კ.-ს საქმიანი რეპუტაციისა და ღირსების შელახვას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მით უფრო მაშინ, როდესაც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ არაერთხელ გასცა კანონშესაბამისი პასუხი კასატორის წერილობით განცხადებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. კონკრეტულ შემთხვევაში, ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას, სსკ-ის ნორმით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, თუ კონკრეტულად რომელი ნორმები დაარღვია თბილისის საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას. კასატორმა ვერ მიუთითა სსკ-ის 394-ე მუხლით დადგენილ საკასაციო საჩივრის ვერცერთი აბსოლუტური საფუძველი, ასევე, ვერც ის გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდნენ სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის ფაქტს.
სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებანი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც ა. კ.-ს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი ვერ ადასტურებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა ქმედებით მისი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს.
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ დაბა ... ...-ის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე დაბრკოლებათა შექმნით და იმ გარემოების გამო, რომ მითითებულ მოქალაქეებთან საკონსულტაციო დაცვით მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის ამოღებას კასატორი დღემდე ვერ ახერხებს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მისი პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის საფუძველს, დაუსაბუთებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია სასამართლოს მეშვეობით დაცვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ რეალურად შელახულია პირის ღირსება, პატივი ან საქმიანი რეპუტაცია, გავრცელებულია ზემოთმითითებული კანონით დაცული არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობები და თუ ეს ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. კ.-მ ვერ შესძლო იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა და იმ გარემოებებზე მითითება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ა. კ.-ის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელებას, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას ამ პირის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევის, ან უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული ა. კ.-ის არგუმენტი მისი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სწორად შეუფარდა სადავო სამართალურთიერთობას სამართლის ნორმა, კერძოდ, მართებულად გამოიყენა და სწორად განმარტა სკ-ის 18.6 მუხლი, რომლის თანახმად, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს მატერიალური ზიანის ანაზღაურება, აგრეთვე, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების, ისევე, როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია 3 ძირითადი კრიტერიუმის არსებობა, კერძოდ, 1) პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები აშკარად არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს, 2) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ (მორალურ) ზიანს შორის 3) სახეზე უნდა იყოს ხელმყოფი პირის ბრალი. კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს ქონებრივი, მით უფრო მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის მითითებული არცერთი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა ქმედების, კერძოდ, მათ მიერ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ადგილი არ ჰქონია ა. კ.-ის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ადმინისტრაციულ ორგანოთა ქმედებაში ბრალის არსებობის ფაქტსაც.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს ა. კ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასკ-ის 1.2; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.