Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-245-504-08 25 ივნისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. და ი. ს-პულოები (მოპასუხეები)

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-პულოს წინააღმდეგ მატერიალური და მორალური ზიანის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ქობულეთში, ...-ს ქ.¹27ა-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის½ ნაწილის მესაკუთრეა მოპასუხე ი. ს-პულესი. იგი 1990 წლიდან საცხოვრებლად წასულია საბერძნეთში. იგი ყურადღებას არ აქცევს სახლს, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, დაზიანდა საზიარო კედელი, შენობამ განიცადა საერთო დეფორმაცია და აღდგენას არ ექვემდებარება. მან არაერთხელ შეუთვალა მოპასუხეს გაემაგრებინა საცხოვრებელი სახლი ან მიეყიდა მისთვის, რაც მან არ შეასრულა. ამის გამო იგი იძულებული იყო ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით გაემაგრებინა როგორც თავისი, ასევე ი. ს-პულოს კუთვნილი სახლი. 2006 წელს მოპასუხე დასთანხმადა თავისი სახლი მიეყიდა მისთვის, მაგრამ ბოლოს შეთანხმებული თანხა 5000 აშშ დოლარი 20000 დოლარამდე გაზარდა, რის გამოც შეთანხმება ჩაიშალა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე აპირებდა თავისი საცხოვრებელი სახლის გასხვისებას. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული მორალური ზიანის - 5000 ლარის დაკისრება და ასევე მოპასუხის დავალდებულება თავისი საცხოვრებელი სახლის მასთან საზიარო მხარის დანგრევისა და ადგილის მოსწორება -ამაღლების თაობაზე საერთო საკუთრებაში არსებული 300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა. მოსარჩელის მოთხოვნით საქმეში თანამოპასუხედ ასევე ჩაბმულ იქნა ი. ს-პულოსის შვილი გეორგიოსი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაიმიჯნა შ. ბ-შვილისა და გეორგიოს ს-პულესის საერთო საკუთრებაში არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შ. ბ-შვილი ცნობილ იქნა ქ. ქობულეთში, ...-ს ქ. ¹27ა-ში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მოპასუხეს დაევალა საერთო საკუთრებაში, თავისი წილის შესაბამისად მოსარჩელესთან საზიარო კედლის გამაგრებისათვის საჭირო ხარჯების ნახევრის გადახდა, ასევე დაევალა, მოსარჩელესთან ერთად უზრუნველყოს საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის დანგრევა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შ. ბ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებით შ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. ბ-შვილმა. მან აღნიშნა, რომ 2008 წლის 3 იანვარს სამარშუტო ტაქსის მძღოლს გადასცა სააპელაციო საჩივარი, რათა მას შეეტანა სააპელაციო სასამართლოში. რთული კლიმატური პირობების გამო მძღოლმა ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანა სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

დადგენილია, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება შ. ბ-შვილს ჩაჰბარდა 2007 წლის 19 დეკემბერს. მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 14 იანვარს, ე.ი. გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით. მას სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა არა 14 იანვარს, არამედ 2008 წლის 3 იანვარს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მან სამარშუტო ტაქსის მძღოლს გადასცა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შესატანად და რთული კლიმატური პირობების გამო ვერ შეიტანა დროულად სასამართლოში სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატის აზრით, მას შეეძლო ფოსტის მეშვეობით დროულად გაეგზავნა სასამართლოში სააპელაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ იყო შეტანილი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა შ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.