¹ას-245-570-09 28 მაისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ო. ს-შვილი, ი. ხ-ოვი, ტ. ს-ოვა (წარმომადგენელი ნ. გ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ნ. ლ-ავა, მ. ლ-ავა, ბ. ლ-ავა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლების აღდგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. ს-შვილმა მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს ლ. გ-იანის, მესამე პირების _ ნ. ლ-ავასა და მ. ლ-ავას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. 1992 წლის 22 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ბ. ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1992 წლის 28 აპრილის ცნობა-დახასიათების უკანონოდ აღიარება; გ. ბ. ლ-ავას სახელზე 1991 წლის 19 ოქტომბერს გაცემული მინდობილობის არარად აღიარება; დ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა; ე. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა (ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ო. ს-შვილის სარჩელი მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს ლ. გ-იანისა და მესამე პირ ნ. ლ-ავას მიმართ _ 22.08.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 19.10.1991წ. მინდობილობის არარად აღიარების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 25-27).
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განსახილველ საქმეზე დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდგომ დაკონკრეტდა მოსარჩელეთა ვინაობა: ო. ს-შვილი, ტ. ს-ოვა, ი. ხ-ოვი. ამასთან, მოპასუხეებად დასახელდნენ: ნ. ლ-ავა, მ. ლ-ავა, ბ. ლ-ავა, ნოტარიუსი ლ. გ-იანი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. მოსარჩელეთა მოთხოვნები შემდეგნაირად განისაზღვრა: ა. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1992 წლის 28 აპრილის ¹გ-231 ცნობა-დახასიათების ყალბად აღიარება; ბ. ერთი მხრივ, ა. გ-სა და ი. ხ-ოვას წარმომადგენელ ბ. ლ-ავას, ხოლო მეორე მხრივ ნ. ლ-ავასა და მ. ლ-ავას შორის 1992 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასევე ყალბად აღიარება, ამავდროულად აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა; დ. ბ. ლ-ავაზე გაცემული მინდობილობის არარა აქტად აღიარება (ს.ფ. 53-65, 89-90).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვის და ტ. ს-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 270-281).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ს-ოვამ, ი. ხ-ოვმა და ტ. ს-ოვამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც აღდგებოდა თბილისში, ... ქ. ¹45-ში მდებარე ფართზე მოსარჩელეთა სარგებლობისა და ფლობის უფლება, აგრეთვე 1992 წლის 22 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მათთვის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭება (ს.ფ. 298-315).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვის, ტ. ს-ოვას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვისა და ტ. ს-ოვას წარმომადგენელ ნ. გ-ძეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა პირადად 2008 წლის 22 დეკემბერს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. კანონის მოცემული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენელ ნ. გ-ძისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება წარმოადგენდა თავად აპელანტებისთვის ჩაბარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 2008 წლის 22 დეკემბერს, მათთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2008 წლის 23 დეკემბერს და ამოიწურა 2009 წლის 5 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. შესაბამისად, მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანათ 2009 წლის 5 იანვრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2009 წლის 8 იანვარს, ანუ სამი დღის დაგვიანებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვის და ტ. ს-ოვას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ იქნა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 320-323).
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ო. ს-შვილმა, ი. ხ-ოვმა და ტ. ს-ოვამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების არამართლზომიერებას კერძო საჩივრის ავტორები იმით ასაბუთებენ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა არასწორად დაუკავშირდა წარმომადგენელ ნ. გ-ძის ხელწერილში მითითებულ თარიღს _ 2008 წლის 22 დეკემბერს.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ნ. გ-ძემ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება რეალურად ჩაიბარა მოსამართლის თანაშემწის მეშვეობით, რა დროსაც დაუშვა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, განჩინების ჩაბარების შესახებ შედგენილ ხელწერილში მიუთითა 2008 წლის 22 დეკემბერი, ნაცვლად 2008 წლის 29 დეკემბრისა. თავად მოსარჩელეებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი გადაეცათ 2009 წლის 6 იანვარს, რამდენადაც მანამდე იმყოფებოდნენ ქალაქგარეთ და წარმომადგენელმა გადაწყვეტილების მათთვის მიწოდება ვერ შეძლო. ამასთან, ნ. გ-ძისათვის ცნობილი არ იყო იმის შესახებ, გაასაჩივრებდნენ თუ არა მოსარჩელეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილ უმოკლეს ვადაში _ 2009 წლის 8 იანვარს (ს.ფ. 349-351)
D ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვის, ტ. ს-ოვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ს.ფ. 287-ზე არსებული ხელწერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვისა და ტ. ს-ოვას წარმომადგენელ ნ. გ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 22 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელ ნ. გ-ძისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება წარმოადგენდა მოსარჩელეებისთვის ჩაბარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2008 წლის 23 დეკემბერს და დასრულდა 2009 წლის 5 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ, მათ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სააპელაციო საჩივრით მიმართეს მხოლოდ 2009 წლის 8 იანვარს _ სამი დღის დაგვიანებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვისა და ტ. ს-ოვას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის შესაბამისადაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ს-შვილის, ი. ხ-ოვის, ტ. ს-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება;საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.