Facebook Twitter

¹ას-246-571-09 6 მაისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის

მოსამართლეM თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს «ქ. მ.» დირექტორ ა. გ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე, სს «ქ. მ.» სარჩელის გამო შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს მიმართ ბრძანების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით სს «ქვიშხეთის მეურნეობის» დირექტორ ა. გ-ძეს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 237-238).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2008 წლის 26 მარტს (ს.ფ. 239); განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2009 წლის 1 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 240);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ქ. მ.» დირექტორ ა. გ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.