ას-248-573-09 14 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ა-ია(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ძე (მოსარჩლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს თ. ა-იას მიმართ და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული ბინიდან მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებით ა. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ა-ია გამოსახლდა ქ.თბილისში ... ქ. მახათას ს/ქ კორპუსი 5 ბინა 35-დან. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. ა-იამ, რომელმაც მისი გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით თ. ა-იას ეს საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
რაიონული სასამართლოს ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ა-იამ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 მარტის განჩინებით თ. ა-იას მიეცა 10 დღე კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, ხოლო იმავე პალატის 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით თ. ა-იას კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
2008 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ მოსარჩელე ა. ს-ძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
2008 წლის 26 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ. ა-იამ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2008 წლის 2 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით თ. ა-იას მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისს გაცემული ¹2/1354 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება განცხადებით გაასაჩივრა თ. ა-იამ. მან მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით თ. ა-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა განმცხადებლის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ მას არ ჩაბარებია ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც წარმოადგენდა ფაქტობრივ საფუძველს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისათვის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლომ თ. ა-იას ხარვეზის შევსების შესახებ 2004 წლის 23 მარტს გამოტანილი განჩინება არაერთხელ გაუგზავნა იმ მისამართზე, რომელიც მას მითითებული ჰქონდა თავის კერძო საჩივარში. კერძოდ, ... 173 კორპ. 5. ბინა 35. გზავნილებზე სასამართლოს კურიერის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით დადგინდა, რომ ამ მისამართზე ცხოვრობდა წ-ირი და არა თ. ა-ია. პალატამ ჩათვალა, რომ თ. ა-ია კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო და ის გარემოება, რომ მან კერძო საჩივარში თავისი საცხოვრებელი ადგილის მისამართი არასწორად მიუთითა, არ ქმნიდა გასაჩივრებული განჩინების ბათილობის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-იამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება გამოტანილია კანონის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ საქმე განიხილა მისი და მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსაკუთრებით ბუნდოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 1 ოქტომბერს გამოტანილი განჩინების თაობაზე ხარვეზის შევსების შესახებ, რომ თითქოს მითითებული განჩინება მას ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. სინამდვილეში კი, კერძო საჩივრის ავტორის თქმით, მისთვის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაუბარებიათ, არ ყოფილა დაცული საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები, საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მასალები არ მოიპოვება, გარდა კურიერის მიერ შედგენილი საეჭვო აქტისა, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილ წესს და იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტი ყალბია.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთ მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი თ. ა-იას გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით საჩივრის ავტორმა უნდა მიუთითოს თავისი ძირითადი მისამართი(ფაქტობრივი ადგილსამყოფელი).
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი თ. ა-იას რამოდენიმეჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, კერძოდ, ... ¹173 კორპ. 5, ბინა 35(ს.ფ. 115). სასამართლოს გზავნილებზე კურიერის მიერ გაკეთებული ჩანაწერიდან დგინდება, რომ ამ მისამართზე ცხოვრობდა წ-ირი და არა ა-ია.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ თ. ა-იას განჩინების ასლი ჩაბარდა 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იმ დროს მოქმედი რედაქციით). აქედან გამომდინარე საოლქო სასამართლომ თ. ა-იას კერძო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ვარაუდს იმის შესახებ, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტი ყალბია, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენული რაიმე სახის მტკიცებულება, რომ განჩინების ასლის გაგზავნის დროისათვის ის მართლა ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, შესაბამისად არ არსებობს კურიერის მიერ შედგენილ დოკუმენტში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან თვლის, რომ განჩინება სრულადაა დასაბუთებული და სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ა-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.