ას-253-584-07 28 მაისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ... კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს.-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების - 67462 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ...-ის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს საზღაურის _ 67462 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 1745 ლარის გადახდა. აღნიშნული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ...-ის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენელ რ. ბ.-ს ჩაბარდა 2007 წლის 24 იანვარს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიამ 2007 წლის 8 თებერვალს გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 24 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 8 თებერვალს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიამ დაარღვია სააპელაციო საჩივარის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: «საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ..-ის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹151 დადგენილებით ...-ის დეპარტამენტი ლიკიდირებულ იქნა და მის ბალანსზე არსებული ქონების საფუძველზე შეიქმნა ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა დეპარტამენტის ყოფილ იურისტ რ. ბ.-ს, რომელმაც იგი ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის თავმდჯომარის სახელზე შედგენილი განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტრის კანცელარიაში წარადგინა 2007 წლის 25 იანვარს. ამდენად, სალიკვიდაციო კომისიამ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა რა 2007 წლის 8 თებერვალს, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია. ამასთან, რ. ბ.-ა არ იყო უფლებამოსილი აპელანტის სახელით მიეღო გადაწყვეტილების ასლი, რადგან ...-ის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, მათ შორის რ. ბ.-ც, დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2007 წლის 24 იანვარს ჩაბარდა ...-ის დეპარტამენტის წარმომადგენელ რ. ბ.-ს.
საქმის მასალებში წარმოდგენილ რწმუნებულებაში მითითებულია, რომ რ.ბ.-ს მიენიჭა დეპარტამენტის სახელით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება. აღნიშნული ნორმის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება გარდა რამოდენიმე მათგანისა, რომლებიც დასახელებული ნორმით კონკრეტულადაა განსაზღვრული, მათ შორისაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. მოცემულ შემთხვევაში დეპარტამენტის მიერ რ.ბ.-ს სახელზე გაცემულ მინდობილობაში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ აღნიშნული არ ყოფილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ პირს მარწმუნებლის სახელით ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ რ.ბ.-ა არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილების ასლი და აღნიშნული დოკუმენტის მისთვის ჩაბარება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებში წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის რ. ბ.-ს მიერ ...-ის დეპარტამენტის ლიკვიდაციის თავმჯდომარის სახელზე შეტანილი განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი რ.ბ.-მ უფლებამოსილ სუბიექტს გადასცა 2007 წლის 25 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 8 თებერვალს, ზემოხსენებული მუხლით დადგენილი ვადის დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ...-ის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.