Facebook Twitter

ას-25-362-09 26 მარტი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ოვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ევი (მოსარჩელე)

დავის საგანი – საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 10 ივლისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ე. ა-ევმა ა. მ-ოვის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი მის მიერ დარეგისტრირებულ იქნა მესაკუთრის უფლებით საჯარო რეესტრში. აღნიშნული მიწის გამოყენებაში ხელს უშლის მოპასუხე ა. მ-ოვი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, ხელი არ შეეშალა მოსარჩელისათვის საკუთრების უფლებების განხორციელებაში, მაგრამ მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე მაინც განაგრძობს ხელის შეშლას.

მოპასუხე ა. მ-ოვის მიერ 2008 წლის 30 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შესაგებელი. შესაგებელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი საკუთრებაა ¹129 601.00 მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიას თხუთმეტ წელზე მეტია ფლობს და, შესაბამისად, მიწის გადასახადსაც იხდის. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა არა მოსარჩელე, არამედ სახელმწიფო.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. მ-ოვმა.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ოვს მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ნოემბრის განჩნებით ა. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. მ-ოვს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც შუამდგომლობა აღუძრავს ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. მ-ოვმა. მან მიუთითა, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს ხარვეზის განჩინება არ ჩაჰბარებია და ვერც ჩაჰბარდებოდა, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი ბაქოდან საქართველოში ჩამოვიდა 22 დეკემბერს და ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 25 დეკემებრს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაქუმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. მ-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ოვს მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა. ა. მ-ოვს აღნიშნული განჩინება პირადად არ ჩაჰბარებია საცხოვრებელ მისამართზე მისი არყოფნის გამო. სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა აპელანტის ძმიშვილს – ტ. მ-ოვს ა. მ-ოვისათვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, ა. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილი არიან ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ჩაიბარონ შეტყობინება. ეს პირები არიან მხარესთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრები და, თუ სამუშაო ადგილის მიხედვით ჰბარდება მხარეს უწყება, ჩაიბარებს სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია. უწყების ჩაბარება ამ პირებზე ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, ა. მ-ოვმა წარმოადგინა ცნობა ავადმყოფობისა და ქ. ბაქოში მკურნალობის შესახებ, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, ვინაიდან მას წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა ის პროცესუალური შედეგი, რაც სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შეუვსებლობას მოჰყვებოდა და შესაბამისად სამკურნალოდ გამგზავრებამდე შეეძლო შეევსო ხარვეზი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. მ-ოვის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცველად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.