Facebook Twitter

დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო

საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ

საქმე #41ap-17. ქ. თბილისი

გ-ა ო. 41აპ–17. 12 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, ამიტომ იგი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული ამავე კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 5551-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მიღებულ იქნეს წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #41ap-17. ქ. თბილისი

გ-ა ო. 41აპ–17. 12 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ო. გ-ას, ბრალი დაედო ე. ჩ-ას განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 19–108–ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2000 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე, ო. გ-ა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, მივიდა გ-ის რაიონის სოფელ თ-ში მცხოვრებ ე. ჩ-ას საცხოვრებელ სახლში, დაუწყო გამოკითხვა მას და მის მამიდაშვილ ე. მ-ას, თუ ვინ იყვნენ, რა უნდოდათ იქ და რას აკეთებდნენ, რაც გადაიზარდა კამათში. განზრახ მკვლელობის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გასროლით ო. გ-ამ ე. ჩ-ას მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება, მაგრამ განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დაზარალებული გადაიყვანეს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და იგი გადარჩა სიკვდილს.

2. გალი–გულრიფშისა და ოჩამჩირე–ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ო. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 19–108–ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ და ითხოვა ო. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით დასტურდება ო. გ-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა ე. ჩ-ამ განმარტა, რომ არ იცნობს ო. გ-ას და არც არასდროს უნახავს. პოლიციელებმა უთხრეს, რომ კაცი, ვინც მას ესროლა, ო. გ-ა იყო. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეების ჩვენებებიდანაც ირკვევა, რომ მათ მხოლოდ გადმოცემით იციან, რომ პირი, ვინც ე. ჩ-ას ესროლა, ო. გ-ა უნდა ყოფილიყო. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა საკმარისობის შესახებ, ვინაიდან ო. გ-ას ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი ჩვენებები, რაც არ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე