ას-254-579-09 30 აპრილი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – განაცდურის, მიუღებელი თანხის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველოს ყოფილი უფროსის, ლ. მ-შვილის მიმართ ამ უკანასკნელისათვის მატერიალური და მორალური ზიანის სახით 38339 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო.
ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა განცხადება ხაშურის რაიონულ სასამართლოში, რომელიც სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა საჩივრად და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხსენებულ გადაწყვეტილებაზე. გ.კ-ძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან პროცესზე არ გამოცხადდნენ მხარეები.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებაში მიღებამდე, 2008 წლის 14 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივართან ერთად, სასამართლოს წარუდგინა წერილობითი შუამდგომლობა, სადაც მიანიშნებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შორ მანძილზე მის გადაადგილებას შეიძლება გამოეწვია გამოუსწორებელი უარყოფითი შედეგები, რის გამოც მოითხოვდა, რომ საქმე განხილულიყო სასამართლო სხდომაზე მისი ფიზიკური მონაწილეობის გარეშე ამავდროულად, წერილობითვე დაადასტურა თანხმობა სასამართლოს კითხვაზე, - „არის თუ არა თანახმა, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე”. გ.კ-ძის განცხადებით, შუამდგომლობის და დაავადების დამადასტურებელი ცნობათა ქსეროასლები საქმეს თან ერთვის.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არც მის მოპირდაპირე მხარეს და არც სასამართლოსDარ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. შესაბამისად მას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 231-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მისი სარჩელი დატოვა განუხილველად, რითაც თვითონვე სასამართლომ შექმნა თავისივე 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილებით გამოტანილი განჩინების გაუქმების რეალური საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხივლვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებით და დამატებებით.
ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისათვის აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა. მხარეები მსგავსი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიუთითებენ სარჩელსა და შესაგებელში, აღნიშნულზე მითითების სავალდებულობა უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტში და ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტში.
ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის უფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761–ე მუხლის თანახმად მინიჭებული აქვს სააპელაციო სასამართლოსაც.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ. კ-ძემ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში თანხმობა განაცხადა, სასამართლოს საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, (ს.ფ. 137). სააპელაციო პასუხში მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. მ-შვილმაც ასევე თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე (ს.ფ. 183). გარდა ამისა, გ. კ-ძემ თავის სააპელაციო საჩივართან ერთად, სასამართლოს წარუდგინა წერილობითი შუამდგომლობა, სადაც მიანიშნებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შორ მანძილზე მის გადაადგილებას შეიძლება გამოეწვია გამოუსწორებელი უარყოფითი შედეგები, რის გამოც მოითხოვდა საქმის განხილვას სასამართლო სხდომაზე მისი ფიზიკური მონაწილეობის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
საკასაციო პალატის მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 207-ე მუხლი არ ავალდებულებს მოსამართლეს მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც კი საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ საქმის განხილვის ფორმა უნდა შეირჩეს ყოველი კონკრეტული საქმის თავისებურებიდან გამომდინარე, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია, როგორც აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები მისი ფიზიკური მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, ასევე მოწინაღმდეგე მხარის თანხმობა და საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის , 207-ე 419, 420 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.