¹ბს-1038-622(კ-06) 6 ივნისი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. შ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პრეზიდენტი, წარმომადგენელი ვ. ლ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 18 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. შ.-მ მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს, როგორც სტიქიური უბედურების (მეწყერის) შედეგად დაზარალებულ პირს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფოდა 15 000 ლარი.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ნ. შ.-ე ცხოვრობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ...-ში. 1996 წელს მეწყერმამას დაუნგრია საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ოჯახთან ერთად დარჩა უსახლკაროდ. ამასთან, იყო უმუშევარი. ცხრა წლის მანძილზე დახმარების მიღების თხოვნით არაერთხელ მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციას, მაგრამ უშედეგოდ. 2004 წლის 21 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მატერიალური დახმარების გაწევის თხოვნით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ხარაგაულის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომელმაც მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა უსახსრობის გამო. მოსარჩელის განმარტებით, “2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგანგებო და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 10 000 000 ლარის ოდენობით, რომლის განკარგვაც ხდებოდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა პრეზიდენტის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა, რაც განსაზღვრული იყო საქართველოს კონსტიტუციით. მის შემთხვევაში პრეზიდენტმა არ გამოიყენა უფლებამოსილება და არ მიიღო გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებული პირისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე, მაშინ როდესაც გააჩნდა თავისუფალი მატერიალური სახსრები და მათი განკარგვა მის კომპეტენციაში შედიოდა (ს.ფ. 2-3).
მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ პრეზიდენტი მოცემულ შემთხვევაში აღჭურვილი იყო დისკრეციული უფლებამოსილებით, იგი ვალდებული არ იყო გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნები წარმოადგენდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი პრეზიდენტის საქმიანობის განმსაზღვრელ ნორმებს. მოსარჩელის მოთხოვნას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, 15 000 ლარის გამოყოფის თაობაზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება ანუ უფლება ჰქონდა საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სხვა ისეთი ფონდებისათვის, რომელთა დებულებითაც უფრო მიზანშეწონილი და კანონიერი იქნებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოსარჩელეს ასევე არ მიუმართავს კომერციული ბანკებისათვის სესხის გამოყოფის მოთხოვნით, სტიქიით დაზიანებული სახლი არ ყოფილა დაზღვეული. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (ს.ფ. 55-59).
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეზიდენტს მისი თხოვნა ან უნდა დაეკმაყოფილებინა ან უარი ეთქვა მატერიალური დახმარების გაწევაზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტს არ შეეძლო საერთოდ არ გამოეცა ადმინისტრაციული აქტი. კასატორმა თანხის მიღების თხოვნით მოპასუხეს მიმართა იმ მოტივით, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გააჩნდა სპეციალური ფონდი და ამ ფონდის მიზანს წარმოადგენდა სტიქიური უბედურების და საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაზარალებულთა დაფინანსება. ყველა შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომელშიც დასაბუთებული იქნებოდა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისათვის.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და 73-ე მუხლები შეიცავს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის განმსაზღვრელ ნორმებს, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა მოითხოვოს მოქალაქემ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
კასატორი ასევე გაურკვევლად მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას უნდა მიემართა ისეთი სახის ფონდებისათვის, რომელთა დებულებითაც უფრო მიზანშეწონილი და კანონიერი იქნებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან უნდა მიემართა კომერციული ბანკისთვის სესხის გამოყოფის მოთხოვნით. კასატორის მითითებით, ამ შემთხვევაში სასამართლო გასცდა სასამართლოში დავის განხილვის სამართლებრივ სივრცეს. მისთვის ასეთი ფონდები უცნობია და არც სასამართლოს მიუთითებია მათზე. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ უმუშევარ ადამიანს ბანკმა მისცეს სესხი ნებისმიერი პირობებით (ს.ფ. 65-68).
2006 წლის 6 ივნისს, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვის დროს კასატორმა ნ. შ.-ემ უარი განაცხადა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე და შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს საქმეზე წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დაეთანხმა კასატორის შუამდგომლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ნ. შ.-ემ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.